რაგბი ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის მე-2 ტურში საქართველოს ნაკრებმა კვლავ მოიგო და სატურნირო ცხრილში უკვე ერთპიროვნულად გალიდერდა. სასტარტო ტურის შემდეგ მეორე ევროპული დონის პირველობას ორი ლიდერი ჰყავდა ბორჯღალოსნები და ესპანელები, ორივეს 5-5 ქულა ჰქონდა, მაგრამ რაკიღა კვირას ისინი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, ერთ-ერთს მოწინავის როლთან განშორება არ აცდებოდა. ქართველება მადრიდის საუნივერსიტეტო სარაგბო არენაზე 23 :10 იმარჯვეს და აქტივს 4 ქულა შემატეს.
მატჩის წინა დღეს, კაპიტნის ვარჯიშზე ახალგაზრდა მესამეხაზელმა ბექა საღინაძემ ტრავმა მიიღო და ლევან მაისაშვილს სასწრაფო წესით შემადგენლობაში კორექტივის შეტანა მოუხდა: საღინაძის ადგილი მარქაფიდან დაწინაურებულმა მიშო გაჩეჩილაძემ შეავსო, ხოლო ამ უკანასკნელის ნაცვლად სათადარიგოებში კოკი თხილაიშვილის გვარი ჩაეწერა. ასევე საინტერესო იყო, თუ როგორ მოერგებოდა ეროვნულ გუნდს მისი დებიუტანტი აკაკი ტაბუცაძე, რომელიც მაისაშვილმა გარემარბად განაწესა.
თავიდანვე დავძენთ, რომ ტაბუცაძემ დებიუტანტის კვალობაზე არცთუ ურიგო შთაბეჭდილება დატოვა – უპირველესად თავისი გააზრებული და ტაქტიკურად სწორი მოქმედებებით ასევე თავის ფლანგზე დაცვაში თავგანწირვით. პრინციპში მეორე ტაიმში თავგანწირვა მთელ გუნდს დაჭირდა, რამაც ტრავმებიც გამოიწვია – ესპანელები შეხვედრის დასკვნით მეოთხედში ისე მწვავედ გვიტევდნენ, რომ ქართველებს შესაძლებლობების მაქსიმუმის გაღება მოუხდათ.
არადა, მატჩის პირველი ნახევარი ბორჯღალოსნების ტოტალური კარნახით წარიმართა. თამაში ახალი გახურებული იყო, როცა დერეფანში მოგებული ბურთით შექმნილმა მოლმა შედეგი დადო. ქართველი მორკინალების შეკრულმა გუნდმა მარდად შეუტია მოწინააღმდეგეს და ბოლოს ამ გუნდს კვაჭი შალვა მამუკაშვილი მოწყდა, ვინც შეხვედრის ანგარიში გახსნა – 5:0. თედო აბჟანდაძემ მახვილი კუთხიდან ეს ლელო ვერ გარდასახა და სულ რამდენიმე წუთში მოედნის საპირისპირო კიდეზე ანალოგიური კომბინაცია გათამაშდა. მასპინძლებმა საკუთარი დერეფანი მოიგეს და მოლით ქართულ ლელოში შევიდნენ. გარდასახვა არც მათ დამრტმელს გამოუვიდა – 5:5.
ამის შემდეგ ქართველები სრულად გაბატონდნენ და მიჯრით 18 ქულა გამოიმუშავეს. ჯერ იყო და, აბჟანდაძემ ესპანელები წესების დარღვევისთვის დასაჯა და ხელსაყრელი პოზიციიდან ჯარიმა უნაკლოდ შეასრულა, ხოლო კიდევ რამდენიმე წუთში თედომვე ჯადოსნური გადაკიდებით ლელოში აკაკი ტაბუცაძე დაგეზა და ლელოელმა სანაკრებო დებიუტი უმშვენიერესი ლელოთი დააგვირგვინა. თავისივე შექმნილი ლელო თედომ უკვე გარდასახა – 15:5. და ეს ყველაფერი თამაშის საწყის 20 წუთში მოხდა.
სულ მალე ესპანელები ცენტრში კვლავ დაჯარიმდნენ და თედომ ისინი კიდევ ერთხელ დასაჯა – 18:5. ტაიმის მიწურულს კი ბორჯღალოსნებმა კიდევ ერთი ეფექტური ლელო გაიტანეს: დერეფანში მოწოდებული ბურთი ნოდარ ჭეიშვილმა ჩამოხსნა, ბექა გორგაძეს გადააწოდა, ჩვენი ვიცე-კაპიტანი იქვე ფლანგზევე ლელოსკენ დაიძრა და წამოწეულ მამუკაშვილს გადასცა. ჩვენი ნაკრების კვაჭმა კი ჭეშმარიტი გარემარბივით მარჯვენა ფრთაზე სპრინტერული გარბენი მოაწყო და ლელომდე თავი არავის გააჩერებინა. 23:5 და თედომ შალვას ვერც ეს ლელო გარდასახა.
ტაიმი აქვე მორჩა და მისი მსვლელობისა და შედეგის გათვალისწინებით, ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ საქართველოს ნაკრები მატჩის მეორე ნახევარში არათუ ბონუს-ქულის მომტანი მეოთხე ლელოს გატანას ვერ მოახერხებდა, არამედ სულაც უქულოდ დარჩებოდა. მაგრამ სწორედ ასე მოხდა. თუ კი ტაიმის პირველი ნახევარი ასე თუ ისე თანაბარ ბრძოლაში მიილია, დასკვნითი მეოთხედი აშკარად მასპინძლებისა იყო. ესპანელებმა ბორჯღალოსნები თავისი ლელოს მისადგომებს მიაჯაჭვეს და სწორედ ამ პერიოდში დასჭირდა ქართველებს ის თავგანწირვა, რომელზეც ამ მიმოხილვის თავში ვისაუბრეთ. 10 წუთი კაცნაკლულნიც ვიყავით, რადგან უელსელმა რეფერიმ გაჩეჩილაძე მაღალი ბოჭვისთვის გაასინბინა, მაგრამ მიშოს დაბრუნებამაც ვერ გვიშველა – ბოლო შეტევაში ესპანელებმა მაინც მოახერეხეს ჩვენი დაცვის გარღვევა და ძალისმიერი ლელოც დაგვიდეს, რომელიც პირველის დარად ასევე ვერ გარდასახეს – 23:10 საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ.
წინა დღეს კი ორი სენსაციური ანგარიში დაფიქსირდა, რაც ამ ტურნირზე დიდი იშვიათობაა. ბელგიელებმა რუსებს უმასპინძლეს და 38:12, შემტევი ბონუსით დაამარცხეს, ხოლო პორტუგალიამ რუმინეთს 22:11 მოუგო. ამდენად სატურნირო ცხრილში საქართველოს 9 ქულა აქვს, პორტუგალიას – 8, ბელგიას – 6, ესპანეთს – 5, ხოლო რუმინეთსა (!) და რუსეთს – 0-0.
ასე რომ, 22 თებერვალს, ქუთაისში მიმდინარე ტურნირის ლიდერი საქართველო მესამე ადგილოსან ბელგიას უმასპინძლებს. რას იზამ, ჯერჯერობით ამ დონით გვიწევს დაკმაყოფილება, მაგრამ როდემდე?..