ხომ გახსოვთ დუდუ?
წმინდა იანუარიუსის წინ რომ აღიმართება და მოსაპარი საგანძურის სანაცვლოდ რომ სთავაზობს: – ჩვენ შენ ეუსებიოს გიყიდით. „ნაპოლი“ ჩემპიონთა თასს მოიგებს…
დუდუმ ეგრეც ვერ შეინარჩუნა მოპარული საგანძური, ეუსებიო ვერ იყიდა და „ნაპოლის“ დღემდე არ აუღია ჩემპიონთა თასი. ნეაპოლელი ქურდის ოცნება ოცნებადვე დარჩა, მიუხედავად იმისა, რომ 80-იან წლებში, როცა დუდუ უკვე ბებერი იქნებოდა, „ნაპოლიმ“ ეუსებიო კი არა, მთლად მარადონა იყიდა. ჩემპიონთა თასი მაინც განზე დარჩა.
ჩვენ კი, ჩვენ რაზე ვოცნებობთ?
1.შოთამ „აიაქსთან“ ერთად უეფას თასი მოიგოს. 2. ქეცბამ მტკიცედ დაიმკვიდროს ადგილი „ნიუკასლის“ ძირითადში. 3. ქინქი გამოშორდეს იმ ტიალ „სიტის“ და „ენფილდზე“ გადაბარგდეს. 4.იაშკას და კობის „ფრაიბურგი“ ბუნდესლიგაში გადავიდეს. 5. კახი კალაძემ ლობანოვსკის ხელქვეით გაიბრწყინოს. 6. ჩვენი კვიპროს-მალტა-რუსეთ-უკრაინის ლეგიონი გარდაიქმნას იტალია-ესპანეთ-ინგლისის ლეგიონად…
ჩვენსა და დუდუს ოცნებებს შორის დიდი განსხვავებაა. დუდუმ იცის, აუცილებლად იყიდის ეუსებიოს, რაც იმის გარანტიაა, რომ „ნაპოლი“ გაიბრწყინებს. ჩვენ კი ვიცით, რომ ასეთ რამეებზე ოცნების უფლებაც არა გვაქვს, რადგან რაც არ უნდა მოვიპაროთ, ფიქრადაც არ მოგვივა ვინმეს ყიდვა რომელიმე ჩვენი გუნდისთვის. სამაგიეროდ, ძარცვა არ გახლავთ სახარბიელო საქმე. ამის გამო ხალხს ციხეში სვამენ, მაგრამ დუდუს ოცნება რომ სასახელო მომენტს შეიცავს, ფაქტია. ოღონდ კი წმინდა იანვარიუსი არ გაბრაზდეს და დუდუ კეთილშობილ საქმეზეც კია თანახმა.
მიანიჭოს ხალხს სიხარული, ჩაუსახოს იმედი, აი. ფეხბურთის ერთ-ერთი დანიშნულება.
დუდუმაც იცის, რომ ასეთ შემთხვევაში ხალხი კმაყოფილი დაურჩება.
დუდუ ამბობს, „ნაპოლი“ აიღებს ჩემპიონთა თასსო. ჩვენ ვამბობთ, „აიაქსი“ აიღებსო. აი, სწორედ ამაშია საქმე. ეს არის განსხვავება ჩვენსა და დუდუს შორის. იყო დრო, როცა ჩვენც გვეგონა, რომ „დინამო“ აიღებდა ჩემპიონთა თასს, ის საოცარი დროება იყო. ორჯერ ზედიზედ ვიყავით თასთა თასის ნახევარფინალშიც. ახლა ეს ოცნებების და თამაშის თანხვედრის დრო წავიდა.
რატომ წავიდა ეს დრო?
ამის გამო მთელი ფილოსოფიაა ჩამოყალიბებული: იმპერიის რღვევაო, ფულის კურსიო, ომიო და ათასი სხვა. მოკლედ, საყოველთაო გაჭირვებას ვაწვებით. აბა, რა ვთქვა? გაჭირვება რომ საყოველთაო არ არის, ყველამ ვიცით. გაჭირვება სახალხოა. ესეც არ იყოს და კიევის „დინამო“ ძალიან ცუდად გვეჩხირება თვალში. აქედან, კავკასიიდან, ეგებ არც მოგწონდეს ეს გუნდი, მისი თამაშის სტილი და არ გჯეროდეს, რომ განუმეორებლად და ზღაპრულად თამაშობს. მაგრამ ფაქტია: იქ, კიევში, უკვე შეუძლიათ ოცნება. წინ „იუვენტუსი“ ჰყავთ და ერსაც და ბერსაც სჯერა, რომ გაივლიან. ეგებ ვერც გაიარონ, მაგრამ ცდას არ დააკლებენ. ასეა, როცა ოცნება და რეალობა ახლოსაა ერთმანეთთან.
ჩვენ კი, „სიტიზე“ და „ნიუკასლზე“ ვფიქრობთ. ამ ბოლო დროს კი „კრისტალ პალასზეც“, რომელსაც ხალხში „კრისტიანს პალასს“ ეძახიანა. ეს ჯერჯერობით, სანამ იქ რომელიმე ქართველი გადავა. მერე ალბათ სწორედ ვიტყვით. „კრისტალ პელესი“ ხომ სასახლეა ლონდონში.
სადღეისოდ კი ქართველი ქომაგები დიდი იმედით უმზერენ კიევის „დინამოს“. ეს არ არის შემთხვევითი, კიევი მაინც „ჩვენია“ მოსკოვის „სპარტაკისგან“ განსხვავებით და ფიქრში, საერთო წარსულის გათვალისწინებით, ერთგვარი სულიერი კავშირი მყარდება.
აგე, შეხედეთ კიევს!
მაგრამ ამას ისევ დუდუს ოცნება სჯობს: „მე შენ ეუსებიოს გიყიდი და „ნაპოლი“ ჩემპიონთა თასს მოიგებს.“
დუდუ მომპარავი ბიჭი იყო. მაგრამ ტიფოზობაში სწორი იყო. ის არ ამბობდა: „მილანი“ აიღებს თასს და გამეხარდებაო.
ის ამბობდა, ფული თუ მექნა, „ნაპოლის“ გავქაჩავო.
ერთი ვინმე მაინც გვყავდეს, რომ თქვას: „მე გიყიდით რონალ… (ჯანდაბას სტოიჩკოვს) და „დინამო“ ესენგეს თასს მოიგებს!”
არ იქნებოდა ურიგო საქმე, მაშინ ამსტერდამულ ამბებსაც განუზომლად მეტი ფასი ექნებოდა.
07.02.1998