გახსოვთ, ამას წინათ ესპანურმა საკალათბურთო კლუბმა „ბასკონიამ“ და მისმა ლიდერმა თორნიკე შენგელიამ ესპანეთის ჩემპიონატში გმირობა რომ ჩაიდინეს და მადრიდის „რეალი“ მათსავე მოედანზე დაამარცხეს…

ევროლიგის რეგულარულ გათამაშებაში კი ვიტორიელებმა იგივე ვეღარ გაიმეორეს და მინიმალური სხვაობით – 69:70 წააგეს. წინა მატჩის მსგავსად, ამ დაპირისპირებაშიც „ბასკონიას“ კალათბურთელები მოწოდების სიმაღლეზე იყვნენ, კარგად გამოიყურებოდნენ, უპირატესობასაც ფლობდნენ და საკმაო პერიოდი მადრიდელები მდევრის როლშიც ამყოფეს, თუმცა თუ მაშინ თორნიკე შენგელიას გმირობის წყალობით გადამწყვეტ მომენტში არ შედრკნენ, ამჯერად იღბალი „რეალის“ მხარეს აღმოჩნდა.

აბა მარცხი ვის უნდა ახარებდეს, მაგრამ განსაკუთრებით გულდასაწყვეტია, როცა ხმაურიან სენსაციასთან ხელის გაწვდენაზე ხარ და ბოლო წამებში თავად რჩები იმედგაცრუებული. ასე დაემართათ ვიტორიელებსაც. უკვე გაცვეთილი ფრაზაა, მაგრამ ეს ზუსტად ის შემთხვევა იყო, ძლიერებს უმართლებთო, როცა ამბობენ.

თორნიკე შენგელიამ 32 წუთში 12 ქულას, 5 მოხსნას, 4 შედეგიან გადაცემას, 2 ჩაჭრას და ერთ დაფარებას მოუყარა თავი. „ბასკონიას“ კაპიტანმა ასევე 3 პერსონალური შენიშვნა მიიღო.
ევროლიგაში 8 მოგების წილ ეს „ბასკონიას“ მე-15 მარცხი იყო. შარშანდელი სეზონისგან განსხვავებით, გუნდი გულშემატკივრების იმედებს ვეღარ ამართლებს და ფლეი ოფში გასვლის თეორიული შანსი დარჩა. მომდევნო მატჩს, თოკო და კომპანია 6 თებერვალს შინ „ლიონ ვილერბათან“ გამართავს.

წილი
წინა სტატიაპირველი მოგებულია, რიგში ტუნისია
შემდეგი სტატიარუსული ფხბურთის შავი დღე
ის მსოფლიო მოგზაურია, ჯუმბერ ლეჟავას დიდად არ ჩამორჩება ნანახი ქვეყნების რიცხვით, ოლიმპიზმის ისტორია კი ლოზანაში ოლიმპიური მუზეუმის დირექტორზე ნაკლებად არ იცის. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველა ოლიმპიური ჩემპიონის კვარცხლბეკზე ასვლას პირადად დაესწრო