ჰელსინკიში მიმდინარე ფედერაციის თასის გათამაშების პირველ დღეს საქართველოს ქალთა ნაკრებმა ისრაელი დაამარცხა. მომდევნო დაპირისპირება ქართველ ჩოგბურთელებს ტუნისთან ელოდათ, თუმც ორგანიზატორებმა რატომღაც განრიგი შეცვალეს და ჩვენი გუნდი ჯგუფის აუტსაიდერ მოლდოვას გააჯიბრეს.
საქართველომ მეტოქეს მარტივად – 3:0 მოუგო. საქართველოს პირველმა და მსოფლიო 205-ე ჩოგანმა ეკატერინე გორგოძემ იანა ტიშენკოს ისეთი გაკვეთილი ჩაუტარა, ვგონებთ მოლდოველი მეჩოგნე პროფესიის შეცვლაზე სერიოზულად დაფიქრდება. გორგოძემ მეტოქე მშრალზე დასვა – 6:0, 6:0. გორგოძეს არც მარიამ ბოლქვაძე ჩამორჩა, რომელმაც მართალია მთლად ცეკვა-ცეკვით ვერა, მაგრამ მაინც ზედმეტი ვნებათაღელვის გარეშე ანასტასია ვდოვენკოს 7:5, 6:3 აჯობა და საქართველოს ნაკრებს ზედიზედ მეორე გამარჯვება დაუბევა.
ისრაელთან მატჩის მსგავსად, წყვილთა თანრიგში დაპირისპირება კვლავ ფორმალობად იქცა. ამიტომაც ნაკრების კაპიტანმა მაკა ჩახნაშვილმა გამოცდილების მისაღებად კორტზე ახალგაზრდა ჩოგბურთელები ზოია ქარდავა და მარიამ დალაქიშვილი შეუშვა, რომლებმაც იმედები გაამართლეს და ჩობანუ-ტიშენკოს წყვილს ორ სეტში – 6:2, 6:4 აჯობეს.
ჯგუფის მეორე დაპირისპირებაში ტუნისმა ისრაელს 2:1 მოუგო და საქართველოს ნაკრების მსგავსად ნახევარფინალის საგზური გაინაღდა. 6 თებერვალს, ჯგუფში პირველობისთვის საქართვლოს ნაკრები სწორედ ტუნისს გაეჯიბრება.