დასრულდა ავსტრალიის ღია პირველობა. ქომაგმა ნოვაკ ჯოკოვიჩის მერვე ტრიუმფი იხილა, ხოლო ქალებში საჩოგბურთო სამყაროს სიურპრიზი 21 წლის ამერიკელმა სოფია კენინმა შესთავაზა.

მელბურნის ციებ-ცხელები შემდეგ კი სანაკრებო ბატალიების დრო დადგა, ოღონდ ქალთა შორის, თორემ ვაჟებში დევისის თასის გამარჯვებული, რომელიც ამიერიდან უკვე განახლებული ფორმატით იმართება, ესპანეთის ნაკრები რომ გახდა კარგად გემახსოვრებათ.

ფედერაციის თასზე, მსოფლიო ჯგუფის ფლეი ოფში საკმაოდ საინტერესო მატჩები გველის და წესით არც ქვედა დივიზიონების დაპირისპირებები უნდა გამოდგეს მოსაწყენი. ჩვენ ინტერესს, რა თქმა უნდა, ევრო-აფრიკული ზონის მეორე ჯგუფის შეხვედრები იწვევს, სადაც საქართველოს ნაკრებიც იასპარეზებს.

ჰელსინკიში, ქართველ ჩოგბურთელებთან ერთად კიდევ 7 ნაკრები შეიკრიბა, რომელთაგან ორი საუკეთესო პირველ დივიზიონში ამაღლდება, ტურნირი კი 4 -დან 7 თებერვლის ჩათვლით გაიმართება.

წილისყრამ, საქართველოს ნაკრები, რომელსაც მაკა ჩახნაშვილი კაპიტნობს „ა“ ჯგუფში ტუნისის, ისრაელის და მოლდოვის გუნდებთან მოახვედრა, ხოლო მეორე ოთხეული ფინეთმა, ეგვიპტემ, დანიამ და პორტუგალიამ შეადგინეს. ჯგუფში პირველ-მეორე ადგილზე გასული გუნდები ნახევარფინალში ითამაშებენ, ფინალისტები კი პირველი დივიზიონის საგზურს მიიღებენ.

ეკატერინე გორგოძე, მარიამ ბოლქვაძე, ოქსანა კალაშნიკოვა, მარიამ დალაქიშვილი და ზოზია ქარდავა – ასეთია საქართველოს ნაკრების შემადგენლობა, რომელიც ჯგუფში ფავორიტად მიიჩნევა. პირველ მატჩში ქართველი ჩოგბურთელების მეტოქე ისრაელის ნაკრები იქნება.