„ვ სავრემენნომ ფუტბოლე სამოე გლავნოე პერეხოდ ოტ ატაკი კ აბარონე ი ნააბაროტ,“ – იტყოდა ხოლმე ძველ, ზასტოის დროში ნიკოლაი ოზეროვი, რუსთა უპირველესი ტელეკომენტატორი.
ოზეროვი ამას იმეორებდა ტაიმში სამჯერ და იმგვარი ინტონაციით, რომ თქვენი არ ვიცი და, მე ყოველთვის მეცინებოდა.
დიახ, ოზეროვს უყვარდა პათეტიკა და შეცვეთილი თეატრალური გამონათქვამები, რომლებიც, როგორც ამბობენ, ბლოკნოტშიც კი ჰქონდა ჩაწერილი. მას უყვარდა აშკარა ჭეშმარიტებათა ღაღადიც.
ამას იმიტომ მოგახსენებთ, რომ ამ ბოლო დღეებში რუსული საფეხბურთო რეპორტაჟების ყურებით ვიყავი გართული. ესენგეს თასის მატჩებს ვლადიმერ პერეტურინი გადმოსცემდა, მაგრამ თუ ფეხბურთს ოცი წელიწადია უყურებ, არ იქნება, რუსის ხმის გაგონებაზე ოზეროვი არ გაგახსენდეს.
აკი ვთქვი, ოზეროვის ლაპარკზე ბევრი ხითხითებდა-მეთქი.
მაგრამ იცინი, იცინი და ის ფრაზა, მსუქანი მოხუცი რომ იმეორებდა და მისი სულაც რომ არ იყო, ნაღდია.
არის რამდენიმე ჭეშმარიტება, რომელთა გარეშეც ფეხბურთი წარმოუდგენელია.
ესენგეს ტურნირს რომ შეხედავდა კაცი, იფიქრებდა, აქ მონაწილე გუნდთა სრულ უმრავლესობას ეს ამბავი დავიწყებიაო. თუმცა, არც არის გასაკვირი – ამ თასისთვის ხომ ისეთი ჩემპიონები შეიკრიბებიან ხოლმე, სხვა დროს და სხვა ვითარებაში ვერანაირ თასს რომ ვერ შესწვდებიან. ჩვენ, კიეველები და „სპარტაკი“ – აი, ძველი დიდი გუნდები ამ ტურნირზე.
ახლა შემეძლო მეთქვა, „სკონტოსთან“ პენალტებით არ უნდა ვაგებდეთ-მეთქი, მაგრამ პენალტები თავისთავად ყველაზე დიდი იდიოტობაა დღევანდელ ფეხბურთში. უარს ვამბობ ამ ინტრიგაზეც, „სკონტოს“ რომ ძოძუაშვილი უდგას სათავეში. ეს ტურნირი მაინც პარკეტზე ვარჯიშია და ჩვენი გუნდიც მეტად ახალგაზრდაა. მაგრამ არსებობს საფეხბურთო ჭეშმარიტებები და ეს საფეხბურთო ჭეშმარიტებები გაცვეთილ ანდაზებსა ჰგავს.
ოზეროვისა უკვე გითხარით.
ახლა კი კიდევ ერთი, რომელიც ნუგზარ ჯუღელისგან მსმენია:
„ასე ძალზედ ხშირად ხდება ფეხბურთში – როცა ვერ გაგაქვს შენ, გააქვს მოწინააღმდეგეს.” ესეც საფეხბურთო ჭეშმარიტებაა.
გავიხსენოთ ისიც, რომ ფეხბურთი გუნდური თამაშია, ფეხბურთს ვარსკვლავები სჭირდება, ფეხბურთს მაყურებელი უნდა. ფეხბურთს მარადონა სჭირდება, ჟილ დე ბილდეც, ასევე ბოდე და კანტონა.
ეს ყველფერი იყო, იყო… ასეთ რამეს ყოველ შაბათ-კვირას გვახსენებდნენ კომენტატორები. და რაც მთავარია, ეს მწვრთნელებსაც ახსოვდათ – ახსოვდათ, რომ ფეხბურთს აქვს რამდენიმე ჭეშმარიტება. შემდეგ ქვეყანა აირია. საბჭოეთი საფეხბურთო მხარე იყო. აქ საფეხბურთო ცენზი არსებობდა. ესენგეს ტურნირს რომ ვუყურებ, ხვდები, რომ ცენზი აღარ არსებობს. აბა, რა საჭიროა თურქმენეთთან თამაში. ვთქვათ, მოგიგო თურქმენეთმა. ამით რა მტკიცდება? არაფერი. ცენზი – ეს ერთ-ერთი საფეხბურთო ჭეშმარიტებაა.
„აიაქსის“ საფეხბურთო სკოლის ბიჭები რომ პირველი გუნდის გასახდელებში შეჰყავთ – ეს ამ ყმაწვილთა უმთავრესი მოვლენაა ცხოვრებაში. იყო დრო, მოუთმენლად ველოდით „სპორტულ კალეიდოსკომს,“ „ევროპის სტადიონებზე“-ს. ახლა კი ყოველდღე ორ საერთაშორისო ფეხბურთს ვუცქერთ და უბრალო მიმოხილვების ყურებას აღარც ვკადრულობთ. ბურთი ყელში ამოგვივიდა, ჩვენ ვეზიარეთ უცხოურ ფეხბურთს, მაგრამ ვივიწყებთ საფეხბურთო ჭეშმარიტებას. კომენტატორებიც რაღაც ჩაჩუმდნენ, რეპორტაჟი უფრო სხვაგვარი გახდა, ჯერ კიდევ გვჭირდება შეხსენება: ფეხბურთში არსებობს ჭეშმარიტებები. თუ ისინი არ გახსოვს – აგებ!
ასეა, ძმაო, თანამედროვე ფეხბურთში.
1.02.1997