„იუვენტუსი” ზაფხულისთვის გამაოგნებელ სატრანსფერო შეთავაზებას ამზადებს. ტურინელებს „ლივერპულისგან” ჰოლანდიელი მცველის ვირჯილ ვან დაიკის შეძენა უნდათ და მასში 150 მილიონი გირვანქის ანუ 178,5 მილიონი ევროს გადახდას აპირებენ. გამოდის, რომ 28 წლის ფეხბურთელი მეორედ შეიძლება გახდეს მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული უკანახაზელი.

2018 წელს „ბებერმა ქალბატონმა” „რეალისგან” კრიშტიანუ რონალდუ იყიდა, ახლა კი მიზნად ვან დაიკის გადაბირება დაუსახავს და მიაჩნია, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგებაში ჰოლანდიელი დაეხმარება.

რატომ მოუვიდათ იტალიელებს აზრად, რომ ვან დაიკი შეიძლება „ლივერპულს” შეელიოს? მათი აზრით, ეს იმ შემთხვევაში მოხდება თუ მერსისაიდელები უკვე მოპოვებულ უეფას სუპერთასსა და კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს პრემიერლიგის ჩემპიონისა და ჩემპიონთა ლიგის ჯილდოებსაც დაამატებენ. ასეთ შემთხვევაში „გრონინგენის”, „სელტიკისა” და „საუთჰემპტონის” ყოფილი მოთამაშე იგრძნობს, რომ „ენფილდზე” თავი უკვე ამოწურა და ახალ გამოწვევას დახარბდება.

„იუვესთან” დაკავშირებულმა ანონიმმა თქვა: „ჩვენთან მიაჩნიათ, რომ „ლივერპულში” მრავალი ჯილდოს მოგების შემდეგ ვან დაიკს ახალი გამოწვევა დააინტერესებს, მითუფრო, რომ უკვე წლებია ინგლისში თამაშობს და შეიძლება გარემოს გამოცვლა სურდეს. კლუბში მის გადაბირებაზე სერიოზულად მუშაობენ და ზაფხულისთვის სერიოზულ წინადადებას ამზადებენ”.

შეგახსენებთ, რომ ვირჯილ ვან დაიკმა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის გამოკითხვაში მეორე ადგილი დაიკავა — მხოლოდ ლეო მესი გაუშვა წინ.

გასულ კვირაში ვვდ-მ (ჰოლანდიელს ხანდახან ასეც იხსენიებენ) თქვა: „უკვე 28 წლის ვარ და დროა ყველა ადრეული ოცნების ასრულებაზე ვიზრუნო. კარიერა, როგორც ცხოვრება ხანმოკლეა. შორეულ მომავალზე ლაპარაკი ამწუთას შეუძლებელია. ახლა მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ „ლივერპულის” ბიჭებთან და მისი მწვრთნელის ხელმძღვანელობით თამაში მსიამოვნებს”.