„შენ დღეს საკუთარი თავი პოპულარული და უფრო ცნობადი გახადე. ყოჩაღ, მშვენიერი მოქმედება იყო შენი მხრიდან,“ – უთხრა მეორე სეტის მიწურულს ნოვაკ ჯოკოვიჩმა დამიენ დუმუსს.

და ვინ არის ეს დუმუსი? ავსტრალიის ღია პირველობის ფინალური მატჩის მთავარი არბიტრი, რომელმაც ნოლე მოწოდების ხაზზე მდგომი ორჯერ დროის გაწელვისთვის დააჯარიმა. პირველი სეტი სერბს მოგებული ჰქონდა და მეორეშიც ფსიქოლოგიური უპირატესობა მის მხარეს იყო, რადგან მეტოქეს უკუბრეიქი შეუსრულა და ანგარიში გაათანაბრა. ამ დროს კი თითქოს უწყინარ სიტუაციაში  მთავარი მსაჯის ორმა შენიშვნამ ჯოკოვიჩი რიტმიდან ამოაგდო…

დომინიკ ტიმმაც სწორედ ამით ისარგებლა და თავად კუთხეში მყოფმა, მრისხანე მეტოქე იქით გამოიჭირა. ავსტრიელმა მეჩოგნემ, რომელმაც მელბურნში დიდებულად წარმოაჩინა თავი, ჯოკოვიჩს მეორე სეტიც წაართვა და მესამეშიც იფრინა.

როდ ლეივერის არენაზეც, ბევრს ჯოკოვიჩის ჰეგემონიის დამხობის და ახალი ჩემპიონის სუნი ეცა, მაგრამ მელბურნი ხომ ნოლესთვის ხომ ისეა, როგორც თევზი და წყალში… ჯოკოვიჩი, ტიმის მიერ უცაბედად ცივი შხაპის გადავლებისგან  გამოწვეული შოკისგან გონს მეოთხე სეტში მოეგო და ისე ათამაშდა, ვინ იცის, ავსტრიელი ჩოგბურთელი გულში სერბისთვის ერთ შენისვნასაც ნატრობდა…

ტიმი რომ ჩინებული ჩოგბურთელია ამაზე კამათი უადგილოა. ის, ადრე თუ გვიან, ალბათ, დიდი სლემის ჯილდოებსაც ჩაიხუტებს და ალალიც იქნება, მაგრამ ჯერ ამ სიხარულს ვერ უწია. ავსტრიელმა უკვე მესამე მეიჯორის ფინალი წააგო. 2018 და 2019 წლებში „როლან გაროსზე“ გრუნტის მეფესთან დაიჩაგრა, მწვანე კონტინენტზე კი ავსტრალიის ღია პირველობის მბრძანებელთან.

ნოვაკ ჯოკოვიჩისთვის მელბურნში ტრიუმფი ჩვეულ ამბად იქცა. ალბათ, ამიტომაც იყო, ისეთი ემოციები რომ აღარ გადმოაფრქვია, როგორც ეს 2012 წელს რაფაელ ნადალის დამარცხების შემდეგ გააკეთა. ის შეშლილი სახე, არანორმალური ღრიალი და ტანზე შემოხეული მაისური ჩოგბურთის ქომაგთა მეხსიერებიდან, ალბათ, არასოდეს წაიშლება.

ფინალი კი მართლაც თვალსასეირო საყურებელი გამოდგა, რომელშიც ჯოკოვიჩმა ტიმს უთხრა, შენი დროც მოვა, ახლა კი ბოდიშიო – 6:4, 4:6, 2:6, 6:3, 6:4 და ავსტრალიის ღია პირველობა მერვედ, ხოლო დიდი მუზარადი ჯილდო მეჩვიდმეტედ აღმართა.

სტატისტიკასაც თუ გადავავლებთ თვალს ვნახავთ, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩმა 78-ე ტიტული მოიგო ამ მაჩვენებლით მეხუთე ადგილზე დამკვიდრდა, ხოლო როჯერ ფედერერის და რაფაელ ნადალის შემდეგ მესამეა, ვისაც ოთხიდან რომელიმე დიდი სლემის ტიტული 8-ჯერ აქვს ჩახუტებული.

და ბოლოს. ნოვაკ ჯოკოვიჩი, მცირე პაუზის შემდეგ ისევ მსოფლიოს პირველი ჩოგანია.