„ჰაბიბი დათანხმდება კონორთან ჩხუბს. ის იმას გააკეთებს, რასაც ეტყვიან,“ – თავს ვერ დავდებთ, მაგრამ როგორც ამბობენ ეს სიტყვები დანა უაითს ეკუთვნის, ხოლო ის ვინ არის, ბრძოლა წესების გარეშეს მოყვარულთ არ უნდა ესწავლებოდეს.
UFC-ის პრეზიდენტთან კონფიდენციალური საუბრის დეტალები სააშკარაოზე მაიკლ ბისპინგმა გამოიტანა, რომელიც საშუალო წონაში ყოფილი ჩემპიონია. „მე მას ვკითხე, ბოლოს და ბოლოს მიეცემა მაკგრეგორს რევანშის შანსი? მან კი მიპასუხა, აუცილებლად, რადგან ეს მხოლოდ ჰაბიბის სურვილზე არ იქნება დამოკიდებული, ყველაფერს დიდი ფული გადაწყვეტს,“ – ამბობს ბისპინგი.
ცეცხლი უკვამლოდ არ ჩნდებაო და როგორც ჩანს ბისპინგის უაითთან დიალოგი, რომელიც ჭიქა ვისკის თანხლებითაც მიმდინარეობდა, სიმართლეს შეესაბამება. ყოველშემთხვევაში პოპულარული The Sun საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმადაც არაბმა შეიხებმა ჰაბიბ ნურმაგომედოვს ორ ბრძოლაში 180 მილიონი ევრო შესთავაზეს. მეტიც – ამ ამბავს არც ნურმაგომედოვის მენეჯერი ალი აბდელ აზიზი უარყოფს.
კონორ მაკგრეგორი და რევანშის შანსი გასაგებია, მეორე ბრძოლა კი რომლის ხილვაც შეიხებს სურთ, ჰაბიბი – ფლოიდ მეივეზერი არის. ცალკე ირლანდიელ სპორტსმენთან და ცალკე ლეგენდარულ მოკრივესთან ჩხუბში კი 31 წლის დაღესტნელს 90-90 მილიონი ევროს დაპირდნენ.
და ბოლოს, შეიხებმა ამ ორი ბრძოლის ორგანიზება არა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ინგლისში, სინგაპურში ან ევროპის რომელიმე ქვეყანაში, არამედ მათ სამშობლოში, კერძოდ ქალაქ ელ-რიადში შეუკვეთეს.
ჰაბიბ ნურმაგომედოვს ფული თავზე საყრელად ექნება, მაგრამ მიუხედავად ამისა რთულია ასეთ ცდუნებას გაუძლო. ამიტომაც, UFC-ის მოყვარულთ ფრიად საინტერესო ორთაბრძოლები ელით. იქამდე კი ჰაბიბი ოქტაგონზე 18 აპრილს, ტონი ფერგიუსონთან ურთიერთობის გასარკვევად გავა.