ვიდრე „დინამო არენაზე“ საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებთა მატჩი დაიწყება, საფრანგეთისა და ზოგადად სარაგბო სამყაროს ერთ-ერთმა უმთავრესმა ავტორიტეტმა, გამოცემა „მიდი ოლიმპიკმა“ ბორჯღალოსანთა სასტარტო შემადგენლობის ერთერთ წევრზე საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა.

გამოცემის მტკიცებით, 29 წლის კვაჭმა შალვა მამუკაშვილმა გაწყვიტა კონტრაქტი რუსეთის „ენისეი სტმ“-სთან, რაც მთლად ზუსტი ინფორმაცია არაა, რადგან „შადრე“ კარგა ხანია კრასნოიარსკიდან წამოსულია და მშობლიური „ყოჩების“ ღირსებას იცავს.

მაგრამ ფრანგული გამოცემის ნიუსის მეორე ნაწილი უფრო საინტერესოა – შალვა მამუკაშვილი სეზონის ბოლომდე სამედიცინო ჯოკერის სტატუსით ფრანგული „ბორდოს“ რიგებში ითამაშებს.

„ბორდო“ მიმდინარე სეზონში უძლიერესად ასპარეზობს და გუნდის წინაშე უმაღლესი მიზნებია – ტოპ 14-ის ჩემპიონობა და ევროპის ჩელენჯ კაპის მოგება. ამდენად, ასეთ გუნდში კიდევ ერთი ქართველის ჩარიცხვა ჩვენი რაგბის მორიგი აღიარებაა. შეხსენებისთვის, ამ გუნდში ბურჯები ლექსო ყაულაშვილი და ლაშა ტაბიძე გამოდიან და მათ გარდა რუმინეთთან დღევანდელი მატჩის კიდევ ერთი მონაწილე ბექა გორგაძე. ამდენად „ბორდოს“ მთავარ გუნდში მამუკაშვილი მეოთხე ქართველი იქნება. არადა ამ გუნდის ღირსებას ისეთი ვარსკვლავები იცავენ, როგორებიც არიან პუარო, ლამერა, ტამანივალუ და რაღა თქმა უნდა, ფიჯელი მეგავარსკვლავი სემი რადრადრა.

მამუკაშვილის კარიერაში „ბორდო“ მე-7 უცხოური კლუბი იქნება. აქამდე შალვას ინგლისურ „სეილ შარქსში“, შოტლანდიურ „გლაზგო უორიორზში“, რუსულ „ენისეიში“  და სამ ფრანგულ კლუბში – „ტულონში“, „მონპელიესა“ და „კარკასონში“ უთამაშია.