შარშან, იაპონიაში გამართული მსოფლიო თასის შემდეგ, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები გულშემატკივრების წინაშე პირველად თბილისში წარსდგა, თან მეტოქეც უხერხული ჰყავდა.
ახალი სეზონი და დიდი რაგბი იწყებაო, ასეთი იყო რუმინეთთად დაპირისპირებამდე წინასამატჩო ანონსი. ვისთვის როგორ, ჩვენი საზომებით შესაძლოა ასეც იყოს, მაგრამ თავს თუ არ მოვიტყუებთ, მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ 2020 წლის 1 თებერვალს დიდი რაგბი მართლაც დაიწყო, ოღონდ კარდიფში, სადაც 6 ერის გათამაშებაში უელსმა იტალიას გადაურბინა, მოგვიანებით კი ირლანდია – შოტლანდიის ჯახი იქნება.
მილტონ ჰეიგი საქართველოს ნაკრებს მსოფლიო თასის შემდეგ დაემშვიდობა და იაპონურ საკლუბო რაგბში გადაინაცვლა.
ახალზელანდიელ სპეციალისტს ბორჯღალოსნებთან ერთად რაგბი ევროპის ჩემპიონატი რამდენჯერმე მოგებული აქვს, ლევან მაისაშვილისთვის კი ეს საინტერესო გამოწვევა უნდა იყოს.
„დინამო არენაზე“, რუმინეთთან პირველ ტურის დაპირისპირებაში ბორჯღალოსნები მოედანზე სწორედ ქართველმა მწვრთნელმა გაიყვანა და დიდი ალბათობით ამ თანამდებობაზე ტუნრირის ბოლომდეც დატოვებენ.
რუსეთამდე კი ქართველმა მორაგბეებმა რუმინელები დაიბრიყვეს და 41:13 მოუგეს. ანგარიშიდანაც ჩანს, რომ ლევან მაისაშვილის შეგირდებს დიდი ჯაფა არ დადგომიათ, თუმცა ერთი ხანობა ანგარიში 13:13 იყო. ამის მიუხედავად, ბორჯღალოსნების საბოლოო წარმატებაში ეჭვს ვერავინ შეიტანდა. მატჩის პერიპეტიების აღწერას არ ვაპირებთ, უბრალოდ ვიტყვით, რომ ლელოებით აბჟანდაძე, მოდებაძე, გიგაშვილი, კაჭარავა და ჭყოიძე გამოირჩნენ. საქართველოს ნაკრებმა კი რუმინელები უკვე მეთოთხმეტედ დაამარცხა და ანთიმოზ ივერიელის თასის თბილისში დაიტოვა.
რაგბი ევროპის ეგიდით მომდევნო მატჩს ბორჯღალოსნები 9 თებერვალს ესპანეთთან სტუმრად გამართავენ, რომელმაც, ბევრისთვის მოულოდნელად, რუსეთს სტუმრად 31:12 მოუგო.