ბოლო პრემიერლიგურ შეხვედრაში „ლივერპულმა” „ვესტ ჰემთან” 2:0 გაიმარჯვა და ახლა სტატისტიკურად უფრო წინ არის, ვიდრე 1999 წელს ტრებლის მომგები „მანჩესტერ იუნაიტედი” იყო.

იურგენ კლოპის გუნდი საოცარ ფორმაშია. ის უახლოეს მდევარ „მანჩესტერ სიტის” 19 ქულით უსწრებს.

არადა, სადაცაა 30 წელი შესრულდება მას მერე, რაც მერსისაიდელები ინგლისის ჩემპიონები არ გამხდარან.

დღეს „ლივერპულს” 23 შეხვედრა აქვს მოგებული. ჩემპიონატის დასრულებამდე კიდევ 14 ტურია. ასეთი შედეგით კი „მანჩესტერ იუნაიტედი” არათუ 24 ტურის შემდეგ, არამედ მთელი საჩემპიონო სეზონის განმავლობაში ვერც 1996-97 წლებში დაიკვეხნიდა და ვერც ლეგენდარულ 1998-99-ში.

„ლივერპულს” 24 ტურის შემდეგ 70 ქულა აქვს. პრემიერლიგის ყველა წინა ჩემპიონს ამდენი ქულა ან საერთოდ ვერ დაუგროვებია ან ამისათვის 27 თამაში მაინც დასჭირვებია.

„ვესტ ჰემთან” გამარჯვება იმასაც ნიშნავს, რომ მესრისპირელებმა მიმდინარე სეზონში ცხრამეტივე თანალიგელს (ამ შემთხვევაში პრემიერლიგელს) მოუგეს. ასეთი რაღაც „წითლებს” 124 წელია არ გაუკეთებიათ — ბოლოს ინგლისის მეორე ლიგაში, 1895-96 წლების სეზონში შეძლეს.

თავდამსხმელთა მრისხანე ტრიომ — მოჰამედ სალაჰი, სადიო მანე, რობერტო ფირმინო — ერთად 31 გოლი გაიატანა.

ალისონმა, ენდი რობერტსონმა, ვირჯილ ვან დაიკმა და ტრენტ ალექსანდერ-არნოლდმა კი 24 შეხვედრაში მეტოქეს მხოლოდ 15 გოლი გაატანინეს.

სულ, „ლივერპულს” პრემიერლიგაში უკვე 41 შეხვედრაა არ წაუგია ანუ 8 თამაშიც და არსენ ვენგერის ლეგენდარულ, დაუმარცხებელ „არსენალს” გაუტოლდება.

კლოპის ბიჭებმა ბოლო 15 შეხვედრა მოიგეს. ასეთი რამ ინგლისის უმაღლეს ეშელონში მეოთხედ ხდება.

და ბოლოს, არ არის გამორიცხული „ლივერპულმა” ჩემპიონობა „ეტიჰედზე”, უახლოეს მდევართან, „მანჩესტერ სიტისთან” შეხვედრაში გაიფორმოს. „ლივერპულისა” და „სიტის” შეხვედრა წესით 4 აპრილს უწევს.