განრისხებული ოლე გუნარ სულშერი იმ ხულიგნებს მოსდგა, რომლებმაც „მანჩესტერ იუნაიტედის” სახელს ჩირქი მოსცხეს, „ეტიჰედზე” სკამები აგლიჯეს და მეტოქე გუნდის სექტორს დაუშინეს — „კარაბაოს თასის” ნახევარფინალში მანჩესტერული დერბი შედგა, „სიტის” „იუნაიტედმა” სტუმრად 1:0 მოუგო, მაგრამ პირველ შეხვედრაში 1:3 ჰქონდა წაგებული და გავარდა. ფინალში „სიტი” „ასტონ ვილას” შეხვდება.

უპირველეს ყოვლისა კი ნორვეგიელმა იმ რადიკალური გჯუფის წევრები გაკიცხა, რომელთაც წინა დღეს კლუბის აღმასრულებელი დირექტორის ედ ვუდვორდის ეზოში მაშხალები და ბოლისმფრქვეველი ყუმბარები ისროლეს.

„კლუბში ყველა აღშფოთებულია, — თქვა სულშერმა, — ჩვენ ემოციური გულშემატკივარი გვყავს, მაგრამ პოზიციის გამოხატვასაც ცოდნა უნდა. მითქვამს და ვიმეორებ, რომ ყველანი სწორედ ახლა უნდა გავერთიანდეთ, რათა „მანჩესტერ იუნაიტედს” ჩვენი ერთობით მოვუტანოთ სარგებელი”.

მანჩესტერის პოლიცია ეძებს დაახლოებით ოცკაციან ჯგუფს, რომელმაც ვუდვორდის ჩეშირულ სახლ-კარს, რომელიც 2 მილიონ გირვანქად არის შეფასებული, ზარალი მიაყენა.

„ეტიჰედზე” კი პროვოკატორები არც „სიტის” ფანებს აკლდათ. ზოგი მათგანი „იუნაიტედის” ქომაგებს 1958 წლის მიუნხენის ავიაკატასტროფაზე უყვიროდა თუ უმღეროდა. მოკლედ, აღიზიანებდა.

მოგეხსენებათ, 1958 წლის 6 თებერვალს მიუნხენში, აფრენის დროს კატასტორფა განიცადა თვითმფრინავმა, რომელშიც „იუნაიტედის” ფეხბურთელები ისხდნენ.

როგორც მოგახსენეთ, შეხვედრა დამთავრდა ანგარიშით 1:0 „მანჩესტერ იუნაიტედის” სასარგებლოდ. გოლი 35-ე წუთზე გაიტანა ნემანია მატიჩმა, რომელმაც შემდეგ ორჯერ მიიღო ყვითელი ბარათი და 76-ე წუთზე მოედანი დატოვა.

„მანჩესტერ სიტის” თავკაცი პეპ გვარდიოლა: „რაც მოხდა არ დამინახავს, მაგრამ მითხრეს და ძალიან არ მომეწონა. ასევე არ მომეწონა რაც ედ ვუდვორდს გაუკეთეს. ეს ფეხბურთია. და კიდევ, დარწმუნებული ვარ, ყველა კარგად ხედავს, რომ „მანჩესტერ იუნაიტედს” ძლიერი შემადგენლობა ჰყავს”.

სულშერი: „ვეთანხმები პეპს. ფეხბურთი თამაშია, რომელმაც ყველას სიამოვნება უნდა მიანიჭოს, მაყურებელი იქნება ეს თუ ფეხბურთელი. ჩემს ბიჭებს სულ ერთსა და იმავეს ვეუბნები, მოედანზე ღიმილით გადით და საკუთარი თამაშით ისიამოვნეთ, მეთქი. ფეხბურთით გულშემატკივრებმაც უნდა ისიამოვნონ. მეტოქეობა აუცილებელია, მაგრამ ეს თამაშის ფარგლებს არ უნდა გაცდეს”.