ავსტრალიის ღია პირველობაზე მამაკაცთა ბადის პირველი ნახევარფინალი მეტისმეტად ადვილად პროგნოზირებადი აღმოჩნდა. 38 წლის როჯერ ფედერერს წილისყრაშივე გაუმართლა და ნახევარფინალამდე ისე იარა, ტოპ 40-დან არავინ შეხვედრია. იმათთანაც კაი ჯახირი დასჭირდა და მეოთხედფინალში სასწაულებრივ გადარჩენილი 7 მატჩბოლი რომ ვახსენოთ, ესეც საკმარისია.
სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი პირველმეჩოგნის ტიტულის დაბრუნებას ეშურება, დიდებულ ფორმაშიცაა და ყველა მეტოქე მოსრა.
ჩანს, მობერებული როჯერიც ხვდებოდა, რომ ნოლესთან უშანსოდ იყო: ბოლო სამი დღეა, სავარჯიშოდ კორტიც არ მოუთხოვია. ზოგმა ისიც ივარაუდა, ნოვაკთან ან არ გავა კორტზე, ანაც მალევე მოიხსნებაო. ეს ნამდვილად არაა როჯერის სტილი. ის ხომ კარიერაში გამართული 1000-ზე მეტი მატჩიდან ერთხელაც არ მოხსნილა.
აქამდე დიადთა შორის პირადი ანგარიში 26:23 იყო ჯოკოვიჩის სასარგებლოდ. რაც შეეხება დიდი მუზარადის ტურნირებს, ფედერერს სერბისთვის 2012 წლის შემდეგ ერთხელაც ვერ მოეგო. ვერც დღეს. ფაქტობრივად უინტრიგო მატჩში ჯოკოვიჩმა 7:6, 6:4, 6:3 მოიგო და სასწაული უნდა მოხდეს, მორიგ სლემტიტულს ვერ შესწვდეს.