ჩოგბურთის გურმანები ხელებს იფშვნეტდნენ დიდი სლემის ტურნირის ნახევარფინალში ერთბაშად სამი გენიოსის ხილვის იმედად, მაგრამ ეს იმედი დომინიკ ტიმმა ჩაკლა.
26 წლის ავსტრიელმა რაფაელ ნადალს დიდი მუზარადის ზედიზედ 7 ნახევარფინალისგან შემდგარი სერია 4 საათზე დიდხანს გაგრძელებულ თრილერში შეაწყვეტინა – 7:6, 7:6, 4:6, 7:6.
ძნელი სათქმელია, ამით ჩოგბურთმა მოიგო თუ წააგო, მაგრამ ერთი სუპერშოუ კი მოვისაკლისეთ. რაფას არაფერი დაუკლია გამარჯვებისთვის, მაგრამ ტიმი შეუდარებელი იყო. ავსტრიელს აქამდე მხოლოდ „როლან გაროსის“ ნახევარფინალი ჰქონდა დაჭაშნიკებული, ახლა კი იმ ექვსეულსაც შეუერთდა, ვისაც კარიერაში რაფა ხუთჯერ და მეტჯერ დაუმარცხებია. მანამდე ეს მხოლოდ ნიკოლაი დავიდენკომ, დავიდ ფერერმა, ხუან-მარტინ დელპოტრომ (6-6-ჯერ), ენდი მარიმ (7), როჯერ ფედერერმა (16) და ნოვაკ ჯოკოვიჩმა (29) მოახერხეს.
ფინალამდე ავსტრიელს ნაბიჯი აშორებს და საამისოდ გერმანელი მიშა ზვერევის დამარცხება მოუწევს. აქამდე მათ შორის ანგარიში 6:2 არის ავსტრიელის სასარგებლოდ.
მეორე ნახევარფინალს უკვე დაარქვეს ნაადრევი ფინალი. როჯერი და ნოვაკი ერთად კორტზე – ეს უკვე კლასიკაა, თუმცა ამ ეტაპზე სერბი უპირობო ფავორიტად ითვლება.
რეიტინგი? დაველოდოთ ნახევარფინალებს და ჩოგბურთის ხელმწიფე ეგებ ერთხელაც შეიცვალოს.