„მანჩესტერ იუნაიტედის” ფანებმა ედ ვუდვორდის სახლს მაშხალები და ბოლის მფრქვეველი ყუმბარები დაუშინეს.

ეს ჩეშირში მოხდა, სადაც რადიკალებმა, რომლებიც თავს „კაცებს შავებში” უწოდებენ, კლუბის ამერიკელი მეპატრონეების, გლეიზერების წინააღმდეგ აქცია გამართეს. თავდამსხმელთა რაოდენობა ოციდან ოცდაათამდე გახლდათ. მათ ტრადიციული შავი ტანსაცმელი ეცვათ და თავს ბალაკლავები ეხურათ, სახეებს მალავდნენ.

დღეს „კარაბაოს თასზე” მანჩესტერული დერბია. პროტესტიც, ალბათ, საგანგებოდ დაამთხვიეს წინა დღეს.

რამდენიმე მაშხალა ღობის გადაღმა, უშუალოდ საცხოვრებლის ტერიტორიაზე დავარდა. საკუთრივ ღობე გრაფიტით მოხატეს.

საბედნიეროდ, ვუდვორდი და მისი ოჯახის წევრები შინ არ იყვნენ.

„მანჩესტერ იუნაიტედმა” მოგვიანებით გაავრცელა განცხადება, რომ მომხდარს გამოიძიებს, თავდამსხმელთა ვინაობებს დაადგენს და დამნაშავეებს დასჯის.

გლეიზერებისა და მათი წარმომადგენლის, ვუდვორდის წინააღმდეგ პროტესტი იანვარში გაძლიერდა. მიზეზი: კლუბმა სატრანსფერო პერიოდი არ გამოიყენა და ახალი ფეხბურთელი არ იყიდა.

გასულ უქმეებზე, როდესაც „იუნაიტედმა” ფეხბურთის ასოციაციის თასზე „ტრანმერის” 6:0 მოუგო, ტრიბუნიდან ფანები დირექტორატს გამეტებით ლანძღავდნენ.

Build a bonfire, build a bonfire, put the Glazers on the top, put Ed Woodward in the middle and burn the f***ing lot, — ყვიროდნენ ისინი, რაც ნიშნავს, კოცონი დაანთეთ, კენწეროში გლეიზერები მოაქციეთ, შუაში ვუდვორდი და დაწვითო.

იყო ასეთი შეძახილიც: Gonna die, gonna die, Ed Woodward’s gonna die. How we kill him, I don’t know. Chop him up from head to toe. All I know is Woodward’s gonna die. ეს ნიშნავს: მოკვდება, მოკვდება. ედ ვუდვორდი მოკვდება. როგორ მოვკლავთ არ ვიცით. შეიძლება თავიდან ფეხის თითებამდე გავჭრათ. ერთადერთი, რაც ნამდვილად ცნობილია, ის არის, რომ ედ ვუდვორდი მოკვდება”.

აქამდე, ედ ვუდვვორდის მიმართ ყველაზე ცუდი რაც გაბოროტებულ ფანებს ჩაუდენიათ, შინ დარეკვა იყო.