„ის ჩვენი გუნდის სული და გული იყო, ლიდერი მინდორზე და გასახდელში. ახლა კლუბში მოვლენების განვითარების ორი გზაა: ან ტრაგედიით შეძრული „გროლე“ განადგურდება, ან ეს დრამა ჩვენს ბიჭებს უფრო მეტად შეკრავს ერთ მუშტად, ისინი ბექას ნაცვლად, განსაკუთრებული სულისკვეთებით ითამაშებენ და მის ხსოვნას წარმატებებს მიუძღვნიან“, – ასე გამოეხმაურა ქართველი მორაგბის, ბექა ბურდიაშვილის ავტოკატასტროფაში დაღუპვას გუნდის თავკაცი ჟან-კრისტოფ ბაკა.

…27 წლის ბურჯი ბექა ბურდიაშვილი ალბიდან გროლეში საკუთარი ავტომობილით მიემგზავრებოდა და ავარიაც სწორედ ამ მაგისტრალზე შეემთხვა. ავტოკატასტროფის მიზეზი მოგვიანებით გახდება ცნობილი, როცა ადგილობრივი ჟანდარმერია გამოძიებასა და ექსპერტიზებს დაასრულებს. ბექა დილაადრიან აპირებდა გროლეში ჩასვლას, თანაგუნდელთა გაღვიძებასა და მნიშვნელოვანი მატჩისთვის მომზადებისთვის. იმ დღეს „გროლეს“ საფრანგეთის ფედერალ 1-ის მე-3 ჯგუფში „ლავორთან“ შეხვედრა ჰქონდა გასამართი, რომელიც ამავდროულად სამხარეო დერბიცაა და ზოგადად დიდ ინტერესს იწვევს ხოლმე… მაგრამ მატჩი ჩაიშალა და ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიმართება…

ბექა ბურდიაშვილმა ფრანგული კარიერა 2014 წელს პრო დ 2-ის კლუბ „კარკასონში“ დაიწყო, საიდანაც ახალგაზრდა მორაგბე იმავე წელს ფედერალ 1-ის „გროლეში“ გადავიდა და ამ გუნდში 3 სეზონი გაატარა. 2017-2019 წლებში ბექა იმავე ლიგის ბინადარ „ლა სეინში“ თამაშობდა, გასულ ზაფხულში კი თავის ძველ კლუბს დაუბრუნდა. მიმდინარე სეზონში მან მხოლოდ 5 მატჩის ჩატარება მოასწრო, რის შემდეგაც დაშავდა და თითქმის 3 თვე მკურნალობდა. მის არყოფნაში გუნდს რეგრესი დაეწყო და მორაგბეს ერთი სული ჰქონდა, მინდორზე უმოკლეს დროში დაბრუნებულიყო. ეს დაბრუნებაც სწორედ საბედისწერო 26 იანვარს უნდა შემდგარიყო…

„მართალია, ბექა 185 სმ სიმაღლის იყო, მაგრამ მისი წონა საოცრად შთამბეჭდავი გახლდათ – 130 დან 140 კილომდე. თანაც მის სხეულში ძალიან მცირე ცხიმოვანი მასა იყო. ბიჭი იყო ცარიელი კუნთი, საოცარი ძალის პატრონი. ასეთ მარჯვენა ბურჯს ბევრი მაღალი კლასის გუნდი ინატრებდა, – აგრძელებს ჟან-კრისტოფ ბაკა, – კვაჭ დიმიტრი ბერელთან და თავის თანამემამულე ალიკო კაიკაციშვილთან ერთად მან შერკინების არაჩვეულელბრივი პირველი ხაზი ჩამოაყალიბა, რომელიც თანდათან ჩვენი გუნდის წამყვან რგოლად იქცა.

ბექა ბურდიაშვილით პრო დ 2-ის რამდენიმე კლუბი სერიოზულად იყო დაინტერესებული და ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ ჩვენი ქართველი ლიდერი კარიერის მთავარ ოცნებას აისრულებდა – პირველ პროფესიულ კონტრაქტს გააფორმებდა. გუნდში ამ უბედურების ამბავი მე ჩავიტანე და უნდა გენახათ, რა დაემართათ ბიჭებს. ყველაზე მეტად ალიკომ განიცადა, მისთვის ბექა ხომ არათუ უფროსი ძმასავით, არამედ მამასავით იყო. საშინელი ამბავი შეგვემთხვა ყველას, კატასტროფა…“

კლუბმა შექმნა ბექა ბურდიაშვილის ოჯახის დახმარების ფონდი.

„რასაც შევაგროვებთ, მის ოჯახს გადავცემთ. ბევრი იქნება თუ ცოტა – გულით შევაგროვებთ. გულდასაწყვეტია – დაოჯახებას და თავისი საცოლის ალბიში ჩაყვანას გეგმავდა, მაგრამ… ბექა ბურდიაშვილი მუდამ ჩვენს გულებში იქნება,“ – დასძინა „გროლეს“ მწვრთნელმა ჟან-კრისტოფ ბაკამ.