“არ ვარ მზად, მაგრამ, აჰა, მაინც აქ ვზივარ. ვზივარ და ვცდილობ. რამდენჯერაც დავიწყე წერა, იმდენჯერ ტირილმა მაჯობა. მახსენდები შენ, ჯიდი და ის ძმობა, ჩვენ რომ გვქონდა. კვირას დილით თურმე ბოლოჯერ გავიგონე შენი ხმა – ეს ჩვენი ბოლო საუბარი იყო. გპირდები, რომ გავაგრძელებ შენს მემკვიდრეობას “ლეიკერსში”, სანამ ისევ არ შევხვდებით, ჩემო უფროსო ძმაო” – ეს სიტყვები ლებრონ ჯეიმსს ეკუთვნის. სიმბოლურია, რომ კობის ბოლო პოსტიც სოცქსელში ლებრონისთვის მილოცვა იყო, რომელმაც ერთი დღით ადრე NBA-ს ისტორიაში ჩაგდებული ქულებით გადაასწრო.

ამის შემდეგ უფრო კარგი და უფრო გულისამაჩუყებელი რა უნდა დავწეროთ ჩვენ, უბრალო მოკვდავებმა?

კობი გაცილებით მეტი იყო, ვიდრე დიადი კალათბურთელი. ეგებ ცოტათი გაუმართლა კიდეც, რომ პირდაპირ “ლეიკერსში” მოხვედრილმა საჩემპიონო ბრილიანტი მეოთხე სეზონშივე მოიგო – ჯორდანს ხომ საამისოდ შვიდი წელი დასჭირდა. დანარჩენად კობიმ თავად შექმნა ის გენიოსი, რომლის ყველა საქციელშიც მეორე სარჩულს ხედავდნენ.
შაკი მოიშორა გუნდიდან – მის სიდიადეს ჩრდილავდაო.
ფილ ჯეკსონს აღმერთებდა – მისით მანიპულირებსო.

დირექტორატს “ჩიკაგოში” გაცვლას სთხოვდა – ვარსკვლავი თანაგუნდელებს საყიდლად ფულს სძალავსო.

რა ექნა? მას მოედანზეც და გასახდელშიც ყველაფერი უნდა ეკონტროლებინა. ამაში იყო მისი სიდიადე.

“ლეიკერსში” იყო ქარიმ-აბდულ ჯაბარი, იყო უილტ ჩემბერლენი, მეჯიქ ჯონსონი, შაკილ ონილი, მაგრამ თავად კობიმ ღირსეულ მეტოქედ მხოლოდ ლებრონი აღიარა.

…თუმცა, იყო კიდევ ერთი კაცი, ვის დაჯაბნასაც მთელი კარიერა ცდილობდა. ხუთგზის ჩემპიონი როცა მიხვდა, ტიტულებით მაიკლ ჯორდანს ვერ გაუსწორდებოდა, კარიერა დააარულა.

წასვლაც სხვანაირი გამოუვიდა. გამოსათხოვარ მატჩში “იუტას” 60 ქულა ჩაუგდო. იმავე დღეს “გოლდენ სტეიტმა” რეგულარულ ჩემპიონატში მოგება-წაგებათა ფანტასტიური ბალანსი (73-9) დააფიქსირა, მაგრამ გენიალური სტეფ კარი არავის გახსენებია – შავმა მამბამ ესეც გადაფარა.
ციფრები სტატისტიკოსების საქმეა, ჩვენ კი ქედი მოვიხაროთ მისი სიდიადის წინაშე და ვიმკითხავოთ – თავად კალათბურთი უფრო უყვარდა თუ გამარჯვება?

წილი
წინა სტატიამილიონერები მეორე ასეულიდან
შემდეგი სტატიაბექა!
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".