ისე მოხდა, რომ გასულ უქმეებზე ქართველ ლეგიონერთა მიერ გატანილი ორი ლელოდან ერთი ჩვენი ნაკრების ყოფილმა წევრმა გაიტანა, ხოლო მეორე – მომავალმა ბორჯღალოსანმა.
ვეტერანით დავიწყოთ: ირაკლი მირცხულავა 31 წლისაა და ბორჯღალოსანთა შორის რამდენიმე მატჩი აქვს გამართული. ფოთელი მარჯვენა ბურჯი დღესდღეობით ფრანგულ პრო დ 2-ში მოასპარეზე „ოიონას“ ღირსებას აგერ უკვე მეოთხე სეზონია იცავს და მთელი ეს ხანი გუნდის ერთ-ერთი ლიდერია. გასულ ტურში მირცხულავამ ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა, როცა პლეი ოფში მოხვედრისთვის მებრძოლი „ბიარიცი“ 36-ე წუთზე დაალელოვა და 62-ზე მოედანი ვალმოხდილმა დატოვა. სტუმართა შორის ბოლო 11 წუთი ვახტანგ ახობაძემ გაატარა, ვისი დახმარებითაც „ბიარიცმა“ ბოლო შეტევაში ჩამორჩენის შემცირება შეძლო – 31:22 „ოიონას“ სასარგებლოდ, რომელმაც სატურნირო მდგომარეობა მაინც ვერ გაიუმჯობესა, რადგან ვინც წინ ხელმისაწვდომი იყო, ყველამ თავისი წილი გამარჯვება ასევე იზეიმა და მირცხულავას გუნდი კვლავ მეოთხეა.
მეორე ქართული ლელოს ავტორი კი უთუოდ მომავალი ბორჯღალოსანია. საუბარია ლუკა ნიორაძის შესახებ, რომელმაც მისი „ორიაკისა“ და „რუანის“ შეხვედრის ანგარიში გახსნა. 20 წლის კვაჭმა მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატზე მშვენივრად ითამაშა და „ორიაკში“ ამის მერე გადავიდა და ახალი სეზონი ესპუართა გუნდში დაიწყო, სადაც ისე საზრიანად და მძლავრად თამაშობდა, რომ კლუბმა მას ჯერ 2-წლიანი კონტრაქტით თანამშრომლობა გაუხანგრძლივა, შემდეგ კი მთავარ გუნდში დააწინაურა. ლუკას დებიუტი ფეხბედნიერი გამოდგა – „ორიაკმა“ მრისხანე „ოიონა“ 15:12 დაამარცხა, ხოლო მომდევნო ჯერზე, როცა ნიორაძე კვლავ განაცხადში აღმოჩნდა, მისი გუნდი „ნევერთან“ გასვლით მატჩში 20:21 დამარცხდა და ე.წ. დაცვითი ბონუსი მიიღო.
მწვრთნელებმა ახალგაზრდა კვაჭს სასტარტო 2 ნომრის კვართი პირველად სწორედ გასულ ტურში ანდეს და ლუკამ ეს ნდობა სრულად გაამართლა – უკვე მე-8 წუთზე, როცა რუანელთა ჩათვლის მოედნის ხაზთან მისი გუნდის რაქი ჩამოყალიბდა, ბურთი აიტაცა და ორ მეტოქეს შორის ლელოში მოხდენილად შევარდა. ძალიან სუსტად მოასპარეზე „ორიაკზე“ ასეთმა სტარტმა პოზიტიურად იმოქმედა, გუნდმა კონკურენტი „რუანი“ 22:6 დაამარცხა და ე.წ. შემტევი ბონუს-ქულაც მიითვალა გამარჯვებისთვის მიღებულ 4-თან ერთად. ეს საკმარისი აღმოჩნდა, რომ „ორიაკს“ „რუანისთვის“ სატურნირო ადგილი გაეცვალა და გასავარდნი ზონიდან ამოსულიყო. „ორიაკის“ ფედერალ 1-ში დაქვეითება არანაირად არ გვაწყობს, რადგან ამ კლუბში 15 (!) ქართველი მორაგბე ირიცხება. ნიორაძემ მინდორზე 64 წუთი გაატარა, 51-ეზე მინდორზე ბორჯღალოსანი გიორგი ცუცქირიძე გამოჩნდა, ხოლო 64-ეზე – ახალგაზრდა ბურჯი ჯაბა შათირიშვილი.
მეტი ლელო ქართველებს გასულ უქმეებზე არც საფრანგეთში გაუტანიათ და არც ინგლისში, სადაც ზურა ჟვანიას „უოსპსში“ კვლავ არ უთამაშია, ხოლო ნოდარ ჭეიშვილის „ლონდონ სქოთიში“ შინ „ილინგთან“ 26:42 დამარცხდა და ბორჯღალოსანი მეორეხაზელი მინდორზე მეორე ტაიმის შუაში შევიდა.
საფრანგეთში კი უამრავმა ჩვენებურმა ითამაშა: ტოპ 14-ში – 12-მა, ხოლო პრო დ 2-ში ხსენებული ხუთეულის გარდა კიდევ 6-მა.
მთავარ ფრანგულ ლიგაში ლიდერი შეიცვალა – ბადრი ალხაზაშვილის „ლიონმა“ ბექა გიგაშვილის „ტულონს“ 27:12 სძლია და „ბორდოს“ 2 ქულით „გაექცა“. ალხაზაშვილმა ბოლო 13 წუთი ითამაშა, ხოლო გიგაშვილმა – საწყისი 52.
რაც შეეხება ბორდოელებს, მათ რიგებში ჩვენებურთაგან მხოლოდ ლექსო ყაულაშვილმა ითამაშა, რომელიც, სხვათა შორის, ჩელენჯ კაპის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს. ჩემპიონ „ტულუზთან“ გასვლითი მატჩი ბორდოელებმა 14:22 წააგეს, ხოლო ლექსომ ბოლო 35 წუთი ითამაშა და ეს მონაკვეთი მისმა გუნდმა უკეთ ჩაატარა.
ცხრილის მე-4 საფეხურზე გურამ გოგიჩაშვილის „რასინგია“, რომელმაც „კასტრი“ მისსავე მოედანზე სასტიკად დაამცირა – 0:27 პარიზელთა სასარგებლოდ, ხოლო გურამმა მინდორზე ბოლო 38 წუთი გაატარა.
ამ ტურის შემდეგ ლეგიონერი ბორჯღალოსნები ნაკრების დანარჩენ წევრებს შეუერთდებიან და ახალი სანაკრებო სეზონის სტარტისთვის მოემზადებიან -1 თებერვალს საქართველოს ნაკრები „დინამო არენაზე“ რუმინეთის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს.
წარმატებები!