ჯერ სულ ცინცხალი ამბავი: როჯერ ფედერერი ხუთსეტიანი თრილერის შემდეგ ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალში გავიდა და შეიქნა უხუცესი 1977 წლის შემდეგ, ვისაც ამ ეტაპზე გაუღწევია.
მის მეტოქეს კი ქება და დიდება: ამერიკელი ტენის სანდგრენი აქამდე მსოფლიოს მე-100 ჩოგანი იყო და მეოთხედფინალში გასვლით 44-საფეხურიანი ნახტომი გააკეთა. არადა, ნახტომი მაშინ გენახათ, როჯერისთვისაც რომ მოეგო. არადა, რა ახლოს იყო!!! მეოთხე სეტში ამერიკელს ერთბაშად 7 მატჩბოლი ჰქონდა, მაგრამ აქედან 6 როჯერის მოწოდებაზე. შვეიცარიელმა ჯერ სეტი გადაარჩინა და მერე მატჩიც მოიგო – 6:3, 2:6, 2:6, 7:6 (10:8), 6:3.
ვაღიაროთ, რომ როჯერი საშინელ ფორმაშია და ნახევარფინალში გასვლას იღბალსაც უნდა უმადლოდეს. მას ხომ ჯერ ტოპ 40-დან არავინ გადაყრია, არადა ნახევარფინალში სავარაუდოდ ნოვაკ ჯოკოვიჩი ელის.
სხვა რა? მამაკაცთა ბადიდან ყველა რუსი დაიფრინეს და ტურნირს სულ ნაქები ბიჭები შემორჩნენ.
ახლა ნიკა ბასილაშვილისაც ვთქვათ: შარშან მესამე წრეში გასვლისთვის 90 ქულა მიიღო და რადგან წელს მხოლოდ მეორე წრეში გავიდა, აქედან 45 ქულა ჩამოეჭრა. ამის მიუხედავად, განახლებულ რეიტინგში ნიკა 2 საფეხურით დაწინაურდება – ხორვატ ბორნა ჩორიჩს მეტი ქულა ჩამოაკლდა, ფრანგმა ლუკას პუილემ კი ტრავმის გამო ავსტრალია საერთოდ გამოტოვა და შარშანდელი მერვედფინალის ქულები მთლიანად დაკარგა.