ერთი  ქართული ფილმის არ იყოს, „ბარსელონას“ შემოლაწუნება ჭირდება. ერნესტო ვალვერდეს გათავისუფლების შემდეგ, დიდად ვერც მისი შემცვლელი კიკე სეტიენი ბრწყინავს. მართალია, სეტიენმა გუნდი ჯერ მხოლოდ სამჯერ დამოძღვრა, რომელთაგან ორში იმარჯვა, მაგრამ ვაი ასეთ მოგებებს. კატალონიური გრანდის თამაშის ხარისხი კრიტიკას ვერ უძლებს და აგერ ლა-ლიგის 21-ე ტურში „ვალენსიასთან“ სრული კაპიტულაცია გამოაცხადა – 0:2.

ბუნებრივია, ეს კიკე სეტიენის შეკვეთა არ იქნებოდა და არც დიდად ეამებოდა, მაგრამ ფაქტია, რომ ლეო მესიმ, რომლისგანაც ქომაგები ამა თუ იმ მაჩვენებლებში მხოლოდ რეკორდებს არიან ჩვეულნი, აგერ საპირისპიროს კეთებასაც  მიჰყო ხელი. „მესტალიაზე“ უღიმღამო გარჯას და სეზონში მეოთხე მარცხს ისიც დაემატა, რომ „ბარსელონას“ კაპიტანმა თავისივე ანტირეკორდი გაიმეორა. არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა ვალენსიელთა კარში 11-ჯერ დაარტყა და მიზანს ვერცერთხელ უწია. იგივე მას 2017 წელს „დეპორტივოსთან“ დაპირისპირების დროსაც შეემთხვა, თან მაშინ მესი პენალტის ნიშნულიდანაც შერცხვა.

აქვე ისიც ვთქვათ, რომ მესის მიმდინარე სეზონში ლა-ლიგაში 14 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზ ჯერ მხოლოდ ორი.

 

 

წილი
წინა სტატიატამაში შარშია
შემდეგი სტატიაკობი ბრაიანტი დაიღუპა!
ის მსოფლიო მოგზაურია, ჯუმბერ ლეჟავას დიდად არ ჩამორჩება ნანახი ქვეყნების რიცხვით, ოლიმპიზმის ისტორია კი ლოზანაში ოლიმპიური მუზეუმის დირექტორზე ნაკლებად არ იცის. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველა ოლიმპიური ჩემპიონის კვარცხლბეკზე ასვლას პირადად დაესწრო