ჟან მარკ ბოსმანის სახელი გაგეგონებათ – უმისოდ დღეს სუფრა არ გაიშლება ევროპაში. იმსიშორეს გაუვარდა სახელი, რომ ყველას უნდა ეს საოცარი ახალგაზრდა კაცი დაპატიჟოს. ძველ და კურთხეულ დროში კი საქმე ისე იყო, რომ ფეხბურთელს მხოლოდ თამაშით თუ გაიცნობდი. მისი სახელი მისსავე თამაშე იყო დამოკიდებული, თორემ კარიერის დასრულების შემდეგ ესა თუ ის მოთამაშე აღარავის ახსოვდა. ვინც ალღოს ვერ აუღებდა, ან მუღამს ვერ დაუჭერდა მოედანსგარეთა ცხოვრებას, ნაგავსაყრელზე ასრულებდა ცხოვრებას.

დღეს საქმე სხვაგვარადაა.

ფეხბურთელები ლამის საზოგადო მოღვაწეებად იქცნენ.

კაცი, რომელმაც შეცვალა ფეხბურთი – ჟან მარკ ბოსმანი

თანაც, სულაც არ არის აუცილებელი, რომ ბურთაობაში გამორჩეული კაცი იყო. ეს ნახსენებმა ბოსმანმაც დაადასტურა. ბოსმანის დიდი გამარჯვება ფეხბურთის თავკაცებსა და ბობოლებზე ჯერ თვალშისაცემსა და მყვირალა შედეგებს არ იძლევა, მაგრამ გაივლის ორი-სამი წელი და თუ ფეხბურთელთა შრომით პურისმჭამელმა ხალხმა „ბოსმანები“ თავის ნებაზე მიუშვა, ნახავთ რაც მოხდება.

გასული ორი წელიწადი სათამაშო სპორტის ვარსკვლავთა ხმის ამაღლების დრო იყო. გაიფიცა NBA, გაიფიცა NHL. აქ საქმე ფულზე იყო.

მერე სახეცვლილმა „ბუნტის“ სიომ აღმოსავლეთით გამოიქროლა და პარიზში ფეხბურთელთა ასოციაციის შექმნა გამოცხადდა. თუ კი ვინმეა უუფლებო ფეხბურთში, ისევ ფეხბურთელიო, თქვეს მარადონამ და სხვებმა.

ყოველივე კი უსახელო ბოსმანის სასამართლოში სირბილმა დააგვირგვინა. მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში პირველად ფეხბურთელი კი არ დასაჯეს, არ წაართვეს, არ დააჯარიმეს, არამედ პირიქით – რაღაცის უფლება მისცეს.

მაგრამ ეს იქ – ევროპაში.

და რასა იქმს ჩვენი პატარა, მზიური და არეულ-დარეული სამშობლო? „ბოსმანის საქმე“ თუ მსოფლიო ფეხბურთის კიდით-კიდემდე გაჯდება ძარღვებში, ღარიბ საფეხბურთო ქვეყნებში დიდად მძიმე ვითარება შეიქმნება.

ამ ჩვენი პატარა საქართველოს გაძვალტყავებულ კლუბებს ხომ საერთოდ ყველანაირი შემოსავალი დაეკარგებათ. დაიხურავს ფეხბურთელი ქუდს და წავა სხვა კლუბში, ძველ კლუბს კი რა? ვირის თავ-ფეხი?

ჩვენს მოწინავე გუნდებსაც კი იმდენი ვალი დასდებიათ, რომ მთელი ლოქაუთის განმავლობაში ქალაქა-ქალაქ დააწოწიალებენ თავიანთ ოდნავ ვარგის მოთამაშეებს – აგერ, კარგი ბიჭი ჩალის ფასადო.

ჭეშმარიტად თქმულა, ვეფხი და კურდღელი ორთავ თავისუფალია, მაგრამ ჯუნგლებში კურდღელს იმავე წამს შეჭამენო.

მაგრამ ეს ერთი ჭირია.

„ბოსმანური“ თავისუფლება კი ჩვენში თავისებურად გაიგეს. უფრო სწორად, მას მასშტაბი მისცეს. სიდუხჭირითა და უპატრონობით თავგზააბნეულმა ერთ-ერთმა უძველესმა ქართულმა კლუბმა ქუთაისის „ტორპედომ“, როცა ვეღარაფერი გააწყო, დიდი რუსეთის ფლაგმან მოსკოვის „სპარტაკს“ ფრთის ქვეშ აყვანა, ანუ ფარმ-კლუბობა შესთავაზა.

ფარმ-კლუბი იმას ნიშნავს, რომ დიდ გუნდში კლასის მომკლები კაცი ამ ხელქვეით გუნდში გამოისტუმრონ სტაჟირების სახით, ხოლო პატარა გუნდში ვარგისი კაცი დიდში გადაიყვანონ. „ტორპედო“ ბარემ მეოთხედი საუკუნე გახლდათ თბილისის „დინამოს“ არაოფიციალური ფარმ-კლუბი, მაგრამ მაშინ კომუნისტები იყვნენ და ფეხბურთელს კი არა, ცეკას მდივანს ერქვა უუფლებო.

ბოსმანის საქმის ამგვარი გაგება ხომ საერთოდ ხელს მოუთავებს ჩვენს ფეხბურთს.

მსმენია, რომ „რეალს“ „კასტილია“ ჰყავს ფარმ-კლუბად, მაგრამ „ლოკერენი“ ან „დენეს ეში“ რომ ჰყავდეს, არ გამიგია. ასეთი თავისუფლება არ არსებობს. აქ ღირსება უდრის ნულს – „ლოკერენის“ მხრიდან.

მაგრამ კლუბის არსებობა გარანტირებულია… ესეც ქართველური გა-ბოსმან-ება.

23.02.1996

 

წილი
წინა სტატიადღეს იქნება სამამულო ომი
შემდეგი სტატიატამაში შარშია
გიო ახვლედიანს „სარბიელში“ ხუმრობით ცოცხალ კლასიკოსს ვეძახდით, თუმცა რაღა ხუმრობით, ერთი კრიტიკოსის აზრით, 90-იანი წლების ქართული პროზა გიო ახვლედიანის, იგივე აკა მორჩილაძის დროება იყო. „სარბიელში“, მაგალითად, ინგლისური პრემიერლიგის ამბებს მიმოიხილავდა ირაკლი გამყრელიძის ფსევდონიმით, საკრივო ამბებს კი ალბერტ ხაჩატურიშვილის სახელით. მეტწილად ცხოვრობს ლონდონში, „სარბიელში“ მუშაობისას კი მის ოთახში, კედელზე მიჭედებულ ლურსმანზე ეკიდა ჰოლმსისეული სამონადირეო ქუდი.