მოგეხსენებათ, 30 იანვარს საქართველოს რაგბის კავშირის საანგარიშო ყრილობა გაიმართება, რომელსაც საპრეზიდენტო არჩევნები მოჰყვება. ჰოდა, პრეზიდენტობის კანდიდატთა ვინაობაც უკვე საბოლოოდ გაირკვა.
მომდევნო 4 წლის, ანუ ერთი სრული სარაგბო ციკლის განმავლობაში საქართველოს რაგბის კავშირს უხელმძღვანელებს შემდეგი სამი ფუნქციონერიდან ერთ-ერთი: გოჩა სვანიძე, ბაჩო ხურციძე ან ირაკლი აბუსერიძე. ამ წერილში ვეცდებით, სამივე კანდიდატის შანსები მოკლედ მიმოვიხილოთ და შევაფასოთ. ბაჩო ხურციძით დავიწყოთ, რადგან მან არჩევნებში მონაწილეობის სურვილი პირველმა გამოთქვა.
ბაჩო ხურციძე რაგბის კავშირში მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა და ფართო საზოგადოებისთვის მისი სახელი 2017 წელს საქართველოში მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის ბრწყინვალე ორგანიზებით გახდა ცნობილი. ხურციძე კავშირში მაღალი მიღწევების მენეჯერად მუშაობდა და, შესაბამისად, კარგი კონტაქტები მთელი პლანეტის მასშტაბით უნდა ჰქონდეს. ის ენერგიული, ამბიციური და კრეატიული პიროვნებაა. ეს პლუსებია, ხოლო რაც შეეხება მისი კანდიდატურის სუსტ მხარეს, ეს, ჩემი აზრით, მხარდამჭერთა ნაკლებობაა.
ირაკლი აბუსერიძე სახელოვანი მორაგბეა, წინა თაობის ბორჯღალოსანია და ეროვნული გუნდის კაპიტანი. ცხადია, ასეთი წარსული მას თავისთავად უქმნის მაღალ რენომესა და საარჩევნო რეიტინგს. ამასთან, ირაკლი საქართველოს პარლამენტის წევრიცაა და ეს ფაქტორი მის გავლენებს კიდევ უფრო ზრდის. როგორც თავად აცხადებს, კარგი ნაცნობობა მსოფლიო სარაგბო წრეებშიც აქვს, ხოლო მის ერთგვარ წინასაარჩევნო მინუსად უნდა მივიჩნიოთ ის, რომ აბუსერიძე რაგბის კავშირის მოქმედ ხელმძღვანელობას მწვავედ აკრიტიკებს და ამავდროულად თავის საპრეზიდენტო გეგმებზე თითქმის არაფერს ამბობს. თან, როგორც სხვა ორი კანდიდატი აცხადებს, მზიურის პარკში ყბადაღებული მიწის ნაკვეთის გაყიდვა სულაც არ მოჩანს უკანონო და არარაციონალურ ქმედებად.
დაბოლოს, კავშირის მოქმედ პრეზიდენტ გოჩა სვანიძეზეც ვთქვათ. სვანიძე პრეზიდენტობამდე 17 წლის განმავლობაში რაგბის კავშირის გამგეობას ედგა სათავეში და გასულ არჩევნებში მონაწილეობა ექსტრემალურ ვითარებაში მიიღო, რადგან თავდაპირველი კანდიდატები, მაშინდელი პრეზიდენტი გია ნიჟარაძე და ზემოთ ხსენებული აბუსერიძე საკმაოდ მწვავე კონფრონტაციაში შევიდნენ და სარაგბო თემის ორად გაყოფის თავიდან აცილების მიზნით ზედ არჩევნების წინ კანდიდატურები მოხსნეს. ცხადია, გოჩა სვანიძე თავის ოთხ წლიან ნაღვაწს საკუთრივ არჩევნებზე გაგვაცნობს წვრილად, აქამდე კი მას მხოლოდ ოპონენტთა ბრალდებების გაქარწყლება უწევდა. მაგალითად, მან შორს დაიჭირა ბრალდება, თითქოსდა სამხრეთაფრიკელი სპეციალისტის, სვის დე ბრეინის ნაკრების სათავეში დანიშვნა უკვე გადაწყვეტილი ამბავია. სვანიძის თქმით, ის მხოლოდ კანდიდატია და ამ კანდიდატურის განხილვა მოხდება მხოლოდ თავად სვანიძის გაპრეზიდენტების შემთხვევაში.
გოჩა სვანიძის მინუსებში შეიძლება ჩაითვალოს საქართველოს ნაკრების უფერული გამოსვლა 2019 წლის მსოფლიო თასზე. მაგრამ ამავდროულად არ შეიძლება 20-წლამდელთა ნაკრების აშკარა პროგრესის ვერდანახვა.
მოკლედ, ბრძოლა ერთობ დაძაბულია მოსალოდნელი. დაველოდოთ 30 იანვარს.