„სარბიელი“ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელს აჯილდოვებდა და ოფიციალური ნაწილის დაწყებამდე გიორგი ჩაკვეტაძესთან საუბარიც მოვასწარი:

– გიო, მე და ჩემს კოლეგებს ხანდახან გაზვიადება და გაღმერთება გვიყვარს. აკეთე ის, რაც გიყვარს და ასეთი თუ უფრო მაგარი პრიზები თავისით მოვა.

ეს საუბარი ჯანო ანანიძესა და მოსკოვის „სპარტაკს“ შორის კონტრაქტის გაწყვეტამ გამახსენა. ჯანოც და გიოც ხომ ის ფეხბურთელები არიან, თავის დროზე ქართველ ლეო მესიდ და ჩვენი ფეხბურთის მესიად რომ შევრაცხეთ?

მერამდენე და მერამდენედ?

ვიცი, ისევ მისაყვედურებენ, მაგრამ თუნდაც ბოლო ათწლეულში რამდენი სუპერტალანტი გვყავდა? ორი უკვე ვახსენეთ. და გიორგი ჭანტურია? და ლევან ყენია? ტოპგუნდების ტოპვარსკვლავებად რომ გვესახებოდნენ, მაგრამ…

მიდიან ჩვენი უნიჭიერესი ბიჭები, საშუალოზე საშუალო ევროპულ გუნდებში იბურთავებენ, მერე კი ყველას გზა რუსულ-უკრაინულ ლიგებში მიდის.

მიზეზი? 30 მილიონ ევროდ ტოპკლუბებში გადასულ ბრაზილიელ-არგენტინელ-კამერუნელ-განელი ტალანტებისგან განსხვავებით, ჩვენებს მარიფათიანი აგენტები არ ჰყავთ. მამა-ბიძა-ნათლია ყველაზე სანდო კია, მაგრამ რამდენად პროფესიონალია? რამდენი ტალანტი ვერ გაიხსნა ისე, როგორც შეეძლო? რატომ არა „არსენალი“, „ბარსელონა“ და „სევილია“? რატომ „ხიმკი“, „ლოკომოტივი“ ან „ზაპოროჟიე“?

იქნებ უბრალოდ ჟურნალისტებმა გავთვთლეთ? რატომ მაშინ არ ჭრიდა გათვალვა, როცა ჩვენებურები საქართველოდან პირდაპირ პრემიერლიგაში ან ბუნდესლიგაში გადადიოდნენ?
„პადიომნი პიისიატ ტიშიზე“ დახურდავებული ბიჭების ცოდვა მათ ახლობლებს მოეკითხებათ და ვინც მსოფლიო ფეხბურთს თვალს ადევნებს, 21-22 წლის მობურთალის ამომავალ ვარსკვლავად მოხსენიებისა აშკარად უნდა მოერიდოს.

მოკლედ: შეეშვით ამ ბიჭებს და ათამაშეთ დიდი ფეხბურთი. ჩვენ ახალ ლეო მესის ველოდებით, თქვენ კი ახალი კოკორინით და მამაევით ხართ კმაყოფილი.

ერთხელ კაკო დევაძის მამას, ცხონებულ „ბომბორას“ ვკითხე, რას შვება ჩემი შერეკილი მეგობარი, მეთქი და, რა ვიცი, ისე ყიდულობენ და ყიდიან, მე არავინ არაფერს მეკითხებაო…
აცადეთ ბიჭებს ფეხბურთის თამაში…