ხელბურთელ კაცთა ევრო 2020-ის პირველი ფინალისტის გამოვლენას, სტოკჰოლმის „ტელე 2 არენის” გადავსებულ 16 ათასიან დარბაზში ორი დამატებითი დრო დასჭირდა: ხორვატებმა ნორვეგიას 29:28 მოუგეს და ისტორიაში მესამედ გავიდნენ ევროს ფინალში.
გამარჯვების გოლი დაცვის სპეციალისტმა ჟელიკო მუსამ გაიტანა.
ძირითადი დროის პირველ ტაიმში, ნაქებ ნორვეგიას, რომლის სწრაფი, კომბინაციური თამაში 9 იანვრიდან მოყოლებული საყოველთაო აღტაცებას იწვევდა, ხორვატების თავგადაკლული, შეუვალი დაცვის წინააღმდეგ ბრძოლა ძალიან გაუჭირდა. შესვენებაზე გუნდები გავიდნენ ანგარიშით 12:10 ბალკანელთა სასარგებლოდ. მეორე ტაიმში კი დაიწყო ტრილერი — ნორვეგიელებმა საფინალო სირენასთან ერთად გაათანაბრეს ანგარიში: 23:23.
ხოლო შემდეგ, ტრილერი სიგიჟეში გადაიზარდა. იმის დაწვრილებით აღწერა, თუ რა ხდებოდა დარბაზში, ძალიან შორს წაგვიყვანდა. იყო არნახული პასები და გოლები, რასაც მოსდევდა ორმხრივი ხელის მოცარვის პერიოდები და ასე შემდეგ.
ბოლო დარტყმა კი, როგორც მოგახსენეთ, ხორვატებს დარჩათ!
მარცხენა ინსაიდი იგორ კარაჩიჩი: „ასეთი თამაში არასდროს მინახავს. ეს იყო უშეღავათო ბრძოლის 80 წუთი. ჩვენმა გუნდმა ყველაფერი გამოამჟღავნა — ხასიათი, დისციპლინა და ძალა. ვამაყობ! სხვას ვერაფერს ვიტყვი.”
ხორვატია ევროს ფინალში ბოლოს 2010 წელს იყო, თუმცა ჩემპიონი არასდროს გამხდარა.
ევრო 2020-ის უკვე გამოცხადებულმა ბომბარდირმა, ნორვეგიელმა სანდერ საგოსენმა თავის მონაგარს 10 გოლი დაამატა და „ნანტში” მოთამაშე მაკედონიელი კირილ ლაზაროვის რეკორდს გაუტოლდა — 61 გოლი შეაგდო.
ნახევარფინალური ტრილერის საუკეთესო მოთამაშედ კი უდავოდ სამართლიანად დაასახელს გერმანული „კილის” ხორვატი გამთამაშებელი, დომაგოი დუვნიაკი, რომელმაც 8 გოლი შეაგდო და დაცვაშიც შესანიშნავად ითამაშა.
მეორე ნახევარფინალში მოქმედმა ჩემპიონმა ესპანეთმა სლოვენიას 34:32 მოუგო. ესპანელები, პირველ ტაიმში, 9:8-ზე რომ გავიდნენ წინ, მას მერე მეტოქისთვის ლიდერობა აღარ დაუთმიათ.
ესპანეთი მეექვსედ გავიდა ევროს ფინალში, აქედან მესამედ ზედიზედ. იბერიელები 2016 წელს ვერცხლის მედალს დასჯერდნენ, 2018 წელს კი ჩემპიონები გახდნენ.
5-6 ადგილები. 25.01.20 გერმანია – პორტუგალია
III ადგილისთვის. 25.01.20 ნორვეგია – სლოვენია
ფინალი. 26.01.20 ხორვატია – ესპანეთი