ბუდაპეშტში მიმდინარე წყალბურთელთა რიგით 34-ე ევრო პირველობაზე, საქართველოს ნაკრები ბოლო მატჩის მოგებასთან და შესაბამისად საუკეთესო 9 გუნდში მოხვედრასთან ხელის გაწვდენაზე იყო, მაგრამ არ გამოვიდა, რაც ალბათ გამოცდილების ნაკლებობასთან ერთად, მეტოქის შეუპოვრობით და ხასიათის სიმტკიცით იყო გამოწვეული. გერმანელები რომ ნებისმიერ სპორტში მედგრად დგანან და რაც უნდა ცუდად მისდიოდეთ საქმე ყურებს არასოდეს ყრიან, არახალი ამბავია. მათ ეს კიდევ ერთხელ სწორედ საქართველოს ნაკრებთან დაამტკიცეს.

მესამე პერიოდის დასრულებას არაფერი უკლდა, საქართველოს ნაკრები კი წყალბურთისთვის მეტად კომფორტული – 4 ბურთიანი უპირატესობით (7:3) იგებდა, რა დროსაც გერმანელებმა, რომლებიც წყვილში უდავო ფავორიტებად ითვლებოდნენ, ქართველებს ერთ წუთში შოკური თერაპია დამართეს და მანამდე ბრწყინვალედ მოთამაშე ირაკლი რაზმაძეს მიჯრით ორი ბურთი გაუტანეს. ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ მატჩის ბოლო 8 წუთი რევაზ ჩომახიძის გუნდისთვის ურთულესი იქნებოდა, რადგან ფსიქოლოგიურ უპირატესობა მეტოქის მხარეს გადავიდა. სულ მალე, სოლიდური ჰანდიკაპიდან აღარაფერი დარჩა, მაგრამ ანდრია ბითაძის გოლის შემდეგ, საქართველოს ნაკრები კიდევ ერთხელ დაწინაურდა. სენსაცია კი მაინც არ მოხდა – გერმანიის ნაკრებმა, ისევე როგორც 2018 წლის ევროპის ჩემპიონატზე (10:9) კვლავ მინიმალური სხვაობით – 9:8 იმარჯვა.

დასანანი მარცხის მიუხედავად, საქართველოს ნაკრების ბუდაპეშტური ვოიაჟი მაინც წარმატებულად უნდა შეფასდეს. ევროპის 10 საუკეთესო გუნდს შორის ყოფნა ურიგო შედეგი არ უნდა იყოს.

წილი
წინა სტატიატოჩი უარყოფითში წავიდა
შემდეგი სტატიაკოცნა და ცრემლი
ის მსოფლიო მოგზაურია, ჯუმბერ ლეჟავას დიდად არ ჩამორჩება ნანახი ქვეყნების რიცხვით, ოლიმპიზმის ისტორია კი ლოზანაში ოლიმპიური მუზეუმის დირექტორზე ნაკლებად არ იცის. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველა ოლიმპიური ჩემპიონის კვარცხლბეკზე ასვლას პირადად დაესწრო