„ლივერპულის” მწვრთნელმა იურგენ კლოპმა სადიო მანეს ტრავმის შესახებ ილაპარაკა. მანე სტუმრად „ვულვერჰემპტონთან” შეხვედრის 33-ე წუთზე დაშავდა. მერსისაიდელებმა  2:1 მოიგეს. გერმანელმა თქვა, რომ სენეგალელმა კუნთი იტკინა და მან ის თავის დაზღვევის მიზნით შეცვალა.

მიუხედავად იმისა, რომ „წითლებმა” ანგარიში მე-8 წუთზევე გახსნეს — ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის მიერ ჩაწოდებული კუთხურიდან ჯორდან ჰენდერსონმა თავურით შეაგდო, — იოლად არ მოუგიათ. რაულ ხიმენესმა 51-ე წუთზე გაათანაბრა ანგარიში („ვულვზის” სწრაფი შეტევაც თავურით დაგვირგვინდა), რის შემდეგაც ნუნუ ესპირიტო სანტოს მოთამაშეებს მეორე გოლის გატანის შანსები ჰქონდათ, მაგრამ შეხვედრის დამთავრებამდე 6 წუთით ადრე რობერტო ფირმინომ „ლივერპულს” სამი ქულა მოუტანა.

კლოპმა ფირმინოს ამ გოლისთვის გენიოსი უწოდა: „მაგარი თამაში იყო. ნუნუ ესპირიტო სანტო „ვულვერჰემპტონში” დიდებულად მუშაობს. ეს გუნდი სხვებისგან განსხვავდება, რადგან მოედნის მთელ სიგანეს იყენებს.

ადამა ტრაორეს თუკი საჯარიმოს გარეთ დაკეტავ, შიგნით შევა, ხოლო თუკი იქაც დაუდგები, გაირკვევა, რომ მაღალ ჩაწოდებას და რაულ ხიმენესის თავურს უნდა უფრთხილდე.

მათ გოლს გიჟური 10 წუთი მოჰყვა, თუმცა მერე თამაშის სადავეები მეტ-ნაკლებად დავიბრუნეთ და ეს მნიშვნელოვანი გამოდგა. ჩვენ წარმოუდგენელი მომენტები გვქონდა. ოთხჯერ თუ ხუთჯერ მეკარესთან პირისპირ ვიყავით და რომ გაგვეტანა, 1:1-ზე აღარ ვიწვალებდით, მაგრამ პანიკაში არ ჩავვარდნილვართ. ეს მომენტები ვერ გამოვიყენეთ? სამაგიეროდ, ბობი ფინმინომ მოგვაგებინა გენიალურად. სხვა საქმეა, რომ გვერჩივნა 1:0-ის შემდეგ უპირატესობა კვლავ ჩვენი ყოფილიყო.

შეხვედრის სცენარმა ყველა ფეხბურთელზე იმოქმედა. ზოგი შანსს და სივრცეს ამჩნევდა, ზოგი კი ვეღარ აზროვნებდა ასე.

ჯერ კიდევ ბევრი რამ უნდა დავხვეწოთ, თუმცა დაცვაში ნამდვილად კარგად ვთამაშობთ. ყველამ მაქსიმუმი გაიღო. ჩემი ბიჭებით ვამაყობ.

რაც შეეხება სადიო მანეს, ძალიან სამწუხაროა მისი შეცვლა ნაადრევად რომ მოგვიხდა. იმედი მაქვს, რომ ტრავმა მძიმე არ არის. უფრო ნათლად ყველაფერი ხვალ, გამოჩნდება”.