როგორც იქნა, „ბასკონიამ“ რუსული წყევლა მოიშორა. ვიტორიელებმა, ევროლიგის რეგულარულ გათამაშებაში ზედიზედ 3 წაგებული თამაშის შემდეგ, რომელთაგან ორი მოსკოვის ცეესკასთან და სანქტ-პეტერბურგის „ზენიტთან“ განიცადეს, ნავსი გატეხეს და გამარჯვების გემო ისევ რუსულ კლუბთან გაიხსენეს.
მცირე მიკროტრავმის შემდეგ „ხიმკის“ თავისი ერთპიროვნული ლიდერი ალექსანდრე შვედი დაუბრუნდა და მან მასპინძლებს 18 ქულა ჩაუგდო, თუმცა „ბასკონიას“ ქომაგთა სასიხარულოდ ეს საბოლოო წარმატებისთვის საკმარისი არ გამოდგა. ისე, რუსების გუნდი კარგად გამოიყურებოდა, მთელი მატჩის განმავლობაშიც წინ იყო, მაგრამ ბოლო წუთებში მეტი სიზუსტე ვიტორიელებმა გამოიჩინეს და ევროლიგაში მე-8 გამარჯვება ჩაიწერეს აქტივში – 83:79.
რაც შეეხება თორნიკე შენგელიას, წინა მატჩებისგან განსხვავებით, სადაც გაცილებით შედეგიანი იყო, მაგრამ მისმა გუნდმა მაინც წააგო, ამჯერად მხოლოდ 8 ქულას მოუყარა თავი, მაგრამ მთავარი ხომ ტაბლოზე დაფიქსირებული საბოლოო ანგარიშია. საქართველოს ნაკრების და „ბასკონიას“ ლიდერმა პარკეტზე 25 წუთი დაჰყო, პირველ მეოთხედში 6 ქულა მოაგროვა, დარჩენილ 3 პერიოდში კი მეტოქეს ოდენ ორი ქულა ჩაუგდო, რაც ცოტა არ იყოს გასაკვირია, მაგრამ საერთო ჯამში ბევრი შავი სამუშაო შეასრულა (4 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა), რამაც ესპანური საკალათბურთო კლუბის მნიშვნელოვანი გამარჯვება განაპირობა.
21 ტურის შემდეგ, „ბასკონია“ სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილზეა და მომდევნო მატჩს 30 იანვარს პირეოსში, „ოლიმპიაკოსთან“ გამართავს.