90 სარეიტინგო ქულა ავსტრალიაში დამწვარი ტყეებივით დაიფერფლა. პროგრამა მინიმუმიც, რისიც გულშემატკივარს ასე ეიმედებოდა, ვერ შესრულდა. ფერნანდო ვერდასკომ, ის მესამე წრეში თან გაიყოლა.

სამწუხაროდ, ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას გამოეთიშა და ამით რეიტინგში კიდევ უფრო დაქვეითებას ვერ აცდება. მეორე ეტაპზე, ქართველმა მეჩოგნემ ვეტერანი ესპანელის წინააღმდეგობა ვერ დაძლია და მელბურნის კორტებზე შარშან გამომუშავებული ქულები დაკარგა. ასე რომ არ მომხდარიყო, ჩვენებურს ორი წრე მაინც უნდა გადაელახა, რაც ადვილი არ არის, მაგრამ არც შეუსრულებელია.

მატჩის დასაწყისიც ბასილაშვილს ისეთი გამოუვიდა, უკეთესს ვერ ინატრებდა. ვერდასკოს, რომლის საუკეთესო ხანაც უკვე ჩავლილია და ახლა რეიტინგში 51-ე ნომერია სეტიც მოუგო და მეორე პარტიაშიც 3:1 ბრეიქით დაწინაურდა, თუმცა მარილის მოყრამდე საქმე ვერ მიიყვანა. კუთხეში მიმწყვდეულ ვერდასკოს ჩვენებურმა გამოფხიზლების შანსი მისცა, რაც გამოცდილმა ესპანელმა შეირგო და მიჯრით 3 სეტის მოგებასთან ერთად ბასილაშვილი მელბურნიდანაც ააბარგა – 6:4, 6:7, 4:6, 4:6.

ფერნანდო ვერდასკოს რომ ოსტატობა არ დაეწუნება და ჩოგანსაც მარდად იქნევს, აბა რა საკამათო უნდა იყოს, მაგრამ მატჩის მიმდინარეობამ გამოაჩნია, რომ მან ბასილაშვილი ფიზიკური კონდიციებითაც დაჯაბდა, არადა მასზე თითქმის 7 წლით უფროსია. არაფერს ვამტკიცებთ, მაგრამ ვგონებთ პირველ წრეში სამხრეთ კორეელ სუნ კვონთან მარტივად მოსაგებ თამაშს 4 საათი რომ შეალია ვერდასკოსთან დაპირისპირებისას უარყოფითი გავლენა იქონია.

4 ეისი, 8 ორმაგი, 27 მოგებული ბურთი და 58 უნებლიე შეცცდომა – ასეთი იყო ნიკოლოზ ბასილაშვილის სტატისტიკური მონაცემები, ხოლო ვერდასკოს ყველა კომპონენტში უკეთესი მაჩვენებლი ჰქონდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის წლის პირველი დიდი სლემის ტურნირი წარუმატებელი გამოდგა, თუმცა ამით არაფერი მთავრდება, პირიქით სეზონი ახლა დაიწყო და იმედია ქართველი ჩოგბურთელიც კიდევ უფრო მოუმატებს.