პორტუგალია რომ ყოჩაღი გუნდია, ეს სლოვენიასთან ხელბურთელ კაცთა ევრო 2020-ის მთავარი ეტაპის II ჯგუფის გუშინდელ შეხვედრაშიც დამტკიცდა. 21:21-მდე ანუ 45 წუთის განმავლობაში თამაში თანაბარი იყო და მხოლოდ მერე უმტყუნა სამხრეთელებს გამოცდილებამ. ბალკანელები წინ გავიდნენ და მოიგეს — 29:24.
ამრიგად, სლოვენიამ უმნიშვნელოვანესი 2 ქულა შეიმატა და თუ ბოლო ტურში თვით ნორვეგიას აჯობებს, ნახევარფინალში გავა. თუ ვერა და სლოვენიელებს 5-6 ადგილებისთვის თამაში და ოლიმპიადის შესარჩევში მონაწილეობა გარანტირებული აქვთ.
გამარჯვებულთაგან ყველაზე მეტი, 7 გოლი, მარჯვენა გარემარბმა ბლაჟ იანცმა გაიტანა. პორტუგალიელთაგან კი საუკეთესო ბომბარდირი მარცხენა ინსაიდი ანდრე გომეში იყო (6), რომელსაც წინა ორ შეხვედრაში არ უთამაშია.
პორტუგალიის მეკარემ ალფრედო კუინტანამ 15 ნასროლი მოიგერია და ევრო 2020-ზე სლოვენიელთა მეკარესთან კლემენ ფერლინთან ერთად 65 მოგერიებით მეორე ადგილზეა.
ნორვეგიის და ისლანდიის თამაშზე მოკლედ ასე შეიძლება ითქვას: ნორვეგიელებმა მეტოქეს ყველაფერში აჯობეს, მაგრამ შესვენების შემდეგ აღარ დააწიოკეს, ალბათ ძალა დაზოგეს, და საქმე მშვიდად მიიყვანეს ბოლომდე — 31:28. ამრიგად ნორვეგიამ ევრო 2020-ის 6 მატჩიდან ყველა მოიგო. ასეთი შედეგი მათ გარდა მხოლოდ პირველჯგუფელებს, ესპანეთს და ხორვატიას აქვთ.
უნგრეთს კი თითქოს შეეძლო შვედების დამარცხება, მაგრამ ბოლო 15 წუთში წახდა და წააგო — 18:24. ევრო 2020-ის ერთ-ერთმა თანამასპინძელმა მთავარ რაუნდში პირველი გამარჯვება მოიპოვა.
ამ შეხვედრაში, სადაც უნგრელებმა ხელიდან ისტორიაში პირველ ნახევარფინალთან მიახლოების შანსი გაუშვეს, დიდებულად ითამაშეს მეკარეებმა და ამიტომაც გავიდა შედარებით ცოტა გოლი.
მეორე ჯგუფის ცხრილში ბოლო ტურის წინ ასეთი მდგომარეობაა: ნორვეგია 8 (+19); სლოვენია 6 (+9); უნგრეთი 4 (-6); პორტუგალია 2 (-4); ისლანდია 2 (-9); შვედეთი 2 (-9).