რას არ ველოდით, რას არ ვფიქრობდით, მაგრამ ასეთ ფორმაში მყოფი ლევან გორგაძე ასანოიამას მავაშიში ჭიდილს თუ მოუგებდა და მას დოჰიოზე შიტატენაგეს კიმარიტეთი (ილეთით) თუ დაანარცხებდა – ვერ წარმოვიდგენდით!

იყო ორთაბრძოლა, გამარჯვების შემთხვევაში ტოჩინოშინი ოძეკის რანგს იბრუნებდა, ჩემპიონობისკენ მიემართებოდა, მაშინ ასანოიამასთან შეხვედრა რომ მოეგო. მოიგო კიდეც, მაგრამ შიმპანები (მსაჯები) ადგნენ და სრულიად აბსურდული გადაწყვეტილება მიიღეს – წარმატება ჩვენიანს წართვეს და მოწინააღმდეგეს გადაულოცეს. ავი ენები ამბობენ, რადგან იმ ბაშოს ამერიკის პრეზიდენტი ტრამპი ესწრებოდა, თასი უნდოდათ იაპონელს დარჩენოდაო.

გარდა იმისა, რომ ლევანი კაჩი-კოშისთვის (დადებითი ბალანსი – 8 მოგება) იბრძვის, ზემოთ ნახსენები მიზეზის გამო, ეს გამარჯვება პრინციპულ მნიშვნელობას ატარებდა, თანაც იმ ფონზე, რომ ურთიერთშეხვედრებში უპირატესობას იაპონელი ფლობდა – 1:3

ქართველი ამ ბოლო შერკინებებია ძალისმიერ ტაჩი-აის (თავდაპირველ შეტაკებას) ერიდება, უფრო მეტ აქცენტს ტექნიკურ სუმოზე აკეთებს და ამას შედეგიც მოაქვს! მიუხედავად იმისა, რომ ლევანის საყვარელი ჩავლება (ჰიდარი-უვატე – მარცხენა ხელით მავაშის (ქამარის) აღება) მოწინააღმდეგეს ჰქონდა, ჩვენებურმა მიგი-იოცუთი (მარჯვენა ხელით მავაში აიღო) ასანოიამა დააბზრილა და შიტატენაგეს კიმარიტეთი დოჰიოზე დაანარცხა!

ლევანს ბალანსი 5:5-ზე გაუხდა.

მისი მეტოქე ხვალ აღმოსავლეთის მე-4 მაეგაშირა ოკინოუმი იქნება.