რაღა დროს 2016 წელი და რიოა, სადაცაა ტოკიოს ოლიმპიური თამაშები მოგვიკაკუნებს, მაგრამ  საოცნებო ქალაქს ოლიმპიურ-სპორტულ ჭრილში თითქმის 4 წლის შემდეგ ისევ უნდა დავუბრუნდეთ.

არა, რა თქმა უნდა, ამ ზაფხულს, იაპონიის დედაქალაქიდან ოლიმპიური თამაშების რიო დე ჟანეიროში გადატანას არავინ გეგმავს, საქმე სულ სხვაა. ბრაზილიის სასამართლომ ოლიმპიური პარკის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო, სადაც თამაშების პერიოდში განთავსებული იყო საწყლოსნო კომპლექსი, კორტები, ველოდრომი და სამი მრავალფუნქციური არენა, რომლებიც შეჯიბრებებს მასპინძლობდა ფარიკაობაში, ხელბურთში, კალათბურთში, ძიუდოსა და ჭიდაობაში.

აღნიშნული სპორტული ობიექტები ჯერ ისევ თავის ადგილზეა, მაგრამ სავარაუდოდ ეს დიდხანს აღარ გაგრძელდება. რიოს 2016 წლის ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების შემდეგ, ოლიმპიურ პარკს სპორტული მიზნებისთვის ძალზე იშვიათად იყენებდნენ, თუმცა ტარდებოდა მასობრივი კულუტურული ღონისძიებები. კერძოდ, აქ მასპინძლობენ ვიდეო თამაშების ტურნირებს, რეგიონის ერთ-ერთ უმსხვილეს როკ-ფესტივალს – Rock in Rio-ს, სადაც მთელი მსოფლიოდან ჩადიან მუსიკის მოყვარულები. ორგანიზატორთა შეფასებით, შარშან ფესტივალს სტუმრობდა დაახლოებით 700 ათასი ადამიანი, რომლის ნახევარს ტურისტები შეადგენდნენ.
ოლიმპიური პარკის დახურვის ძირითადი საფუძველი გახდა უსაფრთხოების არასაკმარისი პირობები. სასამართლოს მოსაზრებით, იმის გამო, რომ 2016 წლის ოლიმპიური თამაშების შემდეგ ინფრასტრუქტურაზე ფაქტობრივად არავინ ზრუნავდა, რაიმე მასობრივი ღონისძიება, შესაძლოა, ტრაგედიით დასრულდეს.
რიოს ხელისუფლებას განზრახული აქვს გაასაჩივროს სასამართლოს ეს გადაწყვეტილება, მაგრამ მცდელობა შედეგს რამდენად გამოიღებს, რთული სათქმელია.
რიომ ოლიმპიურ თამაშებს 2016 წლის 5-21 აგვისტოს უმასპინძლა.

წილი
წინა სტატიაჯანომ წერილი დაწერა…
შემდეგი სტატიააღარ დააწიოკა
ის მსოფლიო მოგზაურია, ჯუმბერ ლეჟავას დიდად არ ჩამორჩება ნანახი ქვეყნების რიცხვით, ოლიმპიზმის ისტორია კი ლოზანაში ოლიმპიური მუზეუმის დირექტორზე ნაკლებად არ იცის. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველა ოლიმპიური ჩემპიონის კვარცხლბეკზე ასვლას პირადად დაესწრო