მელბურნის დიდებული საჩოგბურთო კომპლექსის მე-12 კორტზე, ნიკოლოზ ბასილაშვილს 4 საათი დასჭირდა უცნობ-უსახელო სუნ კვონის დასამარცხებლად.

ავსტრალიის ღია პირველობის პირველი წრეში ქართველი მეჩოგნე სამხრეთ კორეელს დაუპირისპირდა და ხუთსეტიანი თრილერიც გამოცხვა – 6:7, 6:4, 7:5, 3:6, 6:3.

ნათქვამია, გამარჯვებულებს არ ასამართლებენო, სპორტში მთავარი ყოველთვის საბოლოო შედეგია და ნიკასაც ამ გამარჯვებას ვულოცავთ, მაგრამ უთქმელობაც არ ივარგებს. ბასილაშვილი, 22 წლის სუნ კვონს გამოცდილებითაც აღემატება და რეტინგითაც საკმაოდ მაღლა დგას. ამიტომაც, ისეთ მარათონულ ტურნირზე, როგორიც დიდი სლემია, უპრიანია შენზე გაცილებით სუსტ მეტოქეებთან მარაგით და ნაკლები ენერგიის ხარჯვით იმარჯვო. რა თქმა უნდა, სამხრეთ კორეელი ჩოგბურთელის დაკნინებას არ ვაპირებთ, დიდი სლემის ტურნირის ძირითად ბადეში რომ ხვდები სახუმარო საქმე ნამდვილად არ გახლავთ, თუმცა ნიკას ზედმეტი ნერვიულობის გარეშეც შეეძლო კორტი გამარჯვებულს დაეტოვებია. ეს მატჩის მიმდინარეობამაც აჩვენა, როდესაც პირველი სეტი დახურვას რომ არაფერი უკლდა, დაბრეიქდა და ის პარტია სულაც ტაიბრეიქზე წააგო.

სტატისტიკას თუ გადავავლებთ თვალს, აშკარად ჩანს, რომ ბასილაშვილს მოწოდება აშკარად გაუმჯობესებული აქვს, რაც 20 ეისშიც აისახა, რასაც 4 ორმაგი მიაყოლა. სხვამხრივ კი 12 მოგებული ბურთი და 22 უნებლიე შეცდომა ჰქონდა.

ძალები და მასთან ერთად საჩოგბურთო ოსტატობის ბოლომდე გამოვლენა კი ნიკოლოზ ბასილაშვილს მეორე წრეში აუცილებლად დაჭირდება, სადაც მეტოქედ გაცილებით გამოცდილი ფერნანდო ვერდასკო ეყოლება. ვეტერანმა ესპანელმა, ჩვენებურისგან განსხვავებით სასტარტო მატჩი რუს ევგენი დონსკოისთან უპრობლემოდ – 3:0 მოიგო.

ბასილაშვილს და ვერდასკოს შორის ურთიერთშეხვედრებში ანგარიში – 1:1. 2018 წელს, ნიკამ ესპანელს პეკინში აჯობა, სადაც გემახსოვრებათ ტურნირის ჩემპიონიც გახდა, ვერდასკომ კი რევანში შარშან, ვენაში აიღო. მატჩი 23 იანვარს გაიმართება.