ისლანდია ხელბურთელ კაცთა ევრო 2020-ის ნახევარფინალში გასვლის შანსს ინარჩუნებს. ეს მთავარი რაუნდის II ჯგუფში პორტუგალიის 28:25 ძლევით გახდა შესაძლებელი.

ისლანდიელებმა თამაში მეტოქეზე უკეთ დაიწყეს და მეორე ტაიმის პირველ წუთებამდე წინ იყვნენ. პორტუგალიამ მაინც გაქვითა, რაც შეტევაში შვიდი ექვსზე ტაქტიკის წყალობით მოახერხა, მაგრამ ჩრდილოელები ასეთი ვარიანტისთვისაც მზად აღმოჩნდნენ და მაინც მოიგეს. მათ გამარჯვებაში საკვანძო როლი გამთამაშებელმა იანუს დადი სმარასონმა და მარჯვენა ინსაიდმა ალექსანდერ პეტერსონმა ითამაშეს. პირველმა 8 გოლი შეაგდო, ხოლო მეორემ 5 გაიტანა და 4 საგოლე პასი გადააწოდა.

ამრიგად, ისლანდიამ მთავარ ეტაპზე პირველად მოიგო და ქულებით პორტუგალიას დაეწია.

ისლანდიელთა კაპიტანმა გუდიონ ვალურ სიგურდსონმა ევროებზე 57-ე მატჩი ჩაატარა და ფრანგ დიდიე დინარს დაეწია. ახლა ორივენი მხოლოდ ყველა დროის რეკორდსმენ ნიკოლა კარაბატიჩს ჩამორჩებიან, რომელსაც 60 შეხვედრაში მიუღია მონაწილეობა.

დღისა და ჯგუფის მეორე შეხვედრაში სლოვენია უნგრეთს პირველ ტაიმში ოთხი ბურთით უგებდა. შესვენებაზე გუნდები სამბურთიანი სხვაობით გავიდნენ. თითქოს ყველაფერი იმას მიუთითებდა, რომ სლოვენიელები ევრო 2020-ზე ზედიზედ მეხუთე მატჩსაც მოიგებდნენ, მაგრამ შესვენების შემდეგ უნგრეთი კედლად აღიმართა და ნაქებ მეტოქეს ორი ქულა გამოგლიჯა ხელიდან: 29:28. საგულისხმოა, რომ სლოვენიამ ბოლო 12 წუთში მხოლოდ 2 გოლი გაიტანა.

მატჩის ასეთმა შედეგმა მთავარი ეტაპის მეორე ჯგუფში მდგომარეობა ძალიან ჩახლართა. ახლა როგორც სლოვენიას ასევე უნგრეთს 4 ქულა აქვთ.

უნგრელთა მარცხენა ინსაიდმა ჟოლტ ბალოგმა მატჩის შემდეგ თქვა, რომ ამ თამაშის მოტრიალება ნამდვილი სასწაული იყო:

„ასეთ ცუდ პირველ ტაიმს არ ველოდით, მაგრამ რაღაცები შევცვალეთ და გაამართლა. ჩინებულად ითამაშეს ახალგაზრდებმა”.

საღამოს კი ნორვეგიამ თანამასპინძელ შვედეთს 23:20 აჯობა და ახლა იმ თითზე ჩამოსათვლელ გუნდებს შორისაა რომელთაც მიმდინარე ევროზე ყველა თამაში მოიგეს.

ეს შედეგი იმას ნიშნავს, რომ ნორვეგია ნახევარფინალში მოსახვედრად ბრძოლას განაგრძობს, ხოლო შვედები ზედიზედ მეორე ევროა მედლებს მიღმა დარჩნენ.

შვედთა მარცხენა ინსაიდი ლუკას ნილსონი:

„ვფიქრობ, დღეს უკეთ ვითამაშეთ ვიდრე პორტუგალიასთან, მაგრამ ნორვეგია მეტისმეტად ძლიერი გუნდია და არ ეყო”.

წილი
წინა სტატიაარ გამოვიდა!
შემდეგი სტატიატოჩი-ლომ-შინი
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.