ახალი მწვრთნელის ხელში „ბარსელონამ“ წუხელ პირველად ითამაშა და არ ითქმის, ქომაგი აღფრთოვანებული დარჩაო. კატალონიელებმა კი მოიგეს, მაგრამ ისე უსახურად ითამაშეს, ბოლოს ლამის ტრიბუნებიდან უსტვინეს.

კიკე სეტიენის შეგირდები „გრანადასთან“ 1:0 მოგებული შეხვედრისას მართლაც ტოტალურ უპირატესობა ფლობდნენ, ოღონდ ეს უპირატესობა ოდენ ბურთის ფლობაში გამოიხატა და, ცხადია, ანგარიშში… სანახაობრივ მხარეზე კი ბოდიში, ის სადღაც გამქრალიყო.

„ბარსელონამ“ 90 წუთის განვალობაში სულ 1005 პასი გააკეთა, ხოლო აქიდან… წინ სულ 203! სეტიენის შეგირდებმა 802-ჯერ ბურთი უკან დააგორეს. ამიტომაც, „ბარსელონა“ კაი ხანი საერთოდ ვერ იგებდა, თუმც ბოლოსკენ მესიმ მაინც ივარგა და მატჩის ერთადერთი გოლი გაიტანა.

საიტერესოა, რომ „ბარსელონა“ ბურთს საერთო დროის 82.6 პროცენტს ფლობდა, ასეთი მაჩვენებელი კი ლა ლიგაში ცხრა წელიწადია არავის დაუფიქსირებია.