„აუცილებელია ქომაგს კვლავ ვაჩუქოთ კონორის და ჰაბიბის ბრძოლა, მაგრამ არა მოსკოვში. მაკგრეგორმა ეს დაიმსახურა და წესით ნურმაგომედოვსაც უნდა ჭირდებოდეს. თუ ჰაბიბი ჯერ ფერგიუსონს, ხოლო შემდეგ კონორს კიდევ ერთხელ აჯობებს, საზოგადოება საბოლოოდ დარწმუნდება, რომ ის ყველაზე ძლიერია და UFC-ის ისტორიაშიც საუკეთესოებს ამარცხებდა. რატომ ნებისმიერ ადგილზე, მოსკოვის გარდა? ამას რამდენიმე ახსნა აქვს, თუმცა არ დავკონკრეტდები. ბრძოლის გამართვის იდეალურ ადგილად  დიდი ბრიტანეთი, ნიუ იორკი, ტეხასი ან ლას-ვეგასი მიმაჩნია,“ – ამბობს ბრძოლა წესების გარეშეს პრეზიდენტი დანა უაითი.

ეს ვრცელი კომენტარი მან მედიასთან 19 იანვარს, ლას-ვეგასში 40 წამში დასრულებული ბრძოლის შემდეგ გააკეთა, რომელშიც კონორ მაკგრეგორმა დონალდ სერონე ისე მიბეგვა, ამერიკელი სპორტსმენი საავადმყოფოში წასაყვანი შეიქნა. 36 წლის ვეტერან მებრძოლს, ირლანდიელისგან მოქნეული მუშტი ცხვირ-პირში რამდენჯერმე ძლიერად და ზუსტად მოხვდა, რამაც თვალის მწვავე ჰემატომა გამოიწვია. მაკგრეგორი რომ ოქტაგონზე გასვლას მოწყურებული იყო ეს ცხადად გამოჩნდა. თითქოს  სურდა ყველასთვის დაემტკიცებინა, რომ მისი ჩამოწერა ჯერ ნაადრევია. ამიტომაც იყო მეტოქეს გაშმაგებით რომ ეკვეთა და საქმეც წამებში მოუმთავრა.

შეგახსენებთ, კონორ მაკგრეგორი მას შემდეგ, რაც 2018 წლის ოქტომბერში ჰაბიბ ნურმაგომედოვთან დამარცხდა ფართო აუდიტორიის წინაშე აღარ გამოჩენილა. დაბრუნება კი მართლაც შთამბეჭდავი გამოუვიდა.

ბოლოს ისიც ვთქვათ, რა უპასუხა ირლანდიელმა მებრძოლმა UFC-ის პრეზიდენტს. „რატომ ხართ ჰაბიბთან ბრძოლის მოსკოვში ორგანიზების წინააღმდეგი? დავიჯერო საქმე ფულშია და სხვა ქვეყანაში გაცილებით დიდ შემოსავალს მიიღებთ? იცით, ნურმაგომედოვზე მეტად რუსეთი და იქაური გულშემატკივარი მე მიყვარს. ამას წინათ, მოსკოვში ყოფნის დროს, ხალხი ქუჩებში ჩემს სახელს ყვიროდნენ,“ – შეუთვალა კონორმა დანა უაითს.