სლოვენიას ევროზე ადრეც უთამაშია, მაგრამ ოთხიდან ოთხი აქამდე არ მოუგია — შვედეთს, ავსტრიასა და ნორვეგიაში მიმდინარე კონტინენტის მთავარ სანაკრებო შეჯიბრებაში მთავარი რაუნდის II ჯგუფის თამაშები დაიწყო. შეიძლება ანგარიშით ვერ მიხვდეთ (30:27), მაგრამ სლოვენიელებმა ისლანდიას იოლად მოუგეს. თუ სიტყვა იოლად გეხამუშებათ, ასე ვთქვათ: ამ შეხვედრაში სლოვენიელები ისლანდიელებს აშკარად ჯობდნენ.

სლოვენიის ნაკრები ევრო 2020-ზე მსოფლიო მედიის საყვარელ გუნდად ჩამოყალიბდა. აქამდე წერდნენ ჯოკერია (უფრო dark horse), რომელსაც არავინ ელოდა და უცბად გამოვარდაო, მაგრამ ახლა პირდაპირ ფავორიტს ეძახიან.

ადრე, სლოვენიელებს საუკეთესო შედეგი ევრო 2006-ზე ჰქონდათ, როდესაც პირველი ეტაპის სამივე შეხვედრა მოიგეს, მთავარ ეტაპზე კი სამივეში დამარცხდნენ.

შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს გამარჯვებული გუნდის გამთამაშებელი დეიან ბომბაჩი, რომელმაც 9 გოლი გაიტანა, 10 საგოლე პასი გადააწოდა და ორჯერ დაცვაში მეტოქეს ბურთი აწაპნა.

„მალმიო არენაზე” ნორვეგიამ კიდევ უფრო დამაჯერებლად მოუგო უნგრეთს — 36:29. ნორვეგიელები, რომლებიც ყოველგვარი ჯოკერობის გარეშე ალალი ფავორიტები არიან, მეტოქეს პირველიდან ბოლო წამამდე ჯობდნენ. ახლა, მათ და სლოვენიელებს 4 ქულა აქვთ.

ნორვეგიელი ხაზის მოთამაშე მაგნუს გულერუდი: „ჩვენ მეტოქე ვაიძულეთ კარში უზუსტოდ ესროლა და პივოტისთვის (ხაზის მოთამაშისთვის) უხარისხო პასები გადაეწოდებინა. ეს კი მთავარი კოზირის წართმევას ნიშნავდა. ამიტომაც, ყველაფერი თავიდანვე საჩვენოდ წარიმართა”.

ხოლო იმას, რაც პორტუგალიისა და შვედეთის შეხვედრაში მოხდა, პორტუგალიელთა უდიდესი გულშემატკივარიც კი ვერ წარმოიდგენდა:

პაულუ პერეირას ბიჭებმა ძლიერი მეტოქე მისავე მოედანზე 35:25 დაამარცხეს.

„ჩვენ ფავორიტებად არ ვითვლებით და ეს ძალიან გვაწყობს”, — თქვა მატჩის შემდეგ პერეირამ.

შვედეთს, რომელიც პორტუგალიასთან ისტორიაში პირველად დამარცხდა, ახლა ნახევარფინალში გასასვლელად სამივე დარჩენილი თამაშის მოგება სჭირდება.