ტოჩინოშინს უკვე დამტკიცებული აქვს, რომ მონაცემებით ჩემპიონია და, პირველ ყოვლისა, ბრძოლა ტრავმებთან უწევს. იოკოძუნა ვაკანოჰანამ რამდენიმე დღის წინ თქვა, ჩავხედე ქართველის ტრავმების ჩამონათვალს და ამ კაცს სიარული როგორ შეუძლია, ეგეც მიკვირსო.
როცა ფორმაში იყო, თავად ჰაკუჰო დაამარცხა, მაშინ იმპერატორის თასის მოსაგებად მეორედ მიდიოდა, ტრავმა მიიღო და ოცნება ოცნებად დარჩა. მას მოტეხილი ხელი, მოტეხილი ნეკნი ოიაკატასთვის (კლუბის უფროსი) დამალული აქვს, რადგან დოჰიოზე გამოსვლა და ბოლომდე ბრძოლა მისი სტიქიაა. მისი შიკონაც ხომ ქართულად როგორც მამაცი გული ისე ითარგმნება.
ჰაცუ ბაშოს მეშვიდე დღეს, მისი მეტოქე აღმოსავლეთის მე-6 მაეგაშირა ტაკარაფუჯი იყო. ერთი პერიოდი ის ქართველისთვის უხერხულ მეტოქედ ითვლებოდა, მაგრამ ამ ბრძოლამდე ლევანმა მოწინააღმდეგე ზედიზედ ოთხჯერ დაამარცხა. ეს სასიამოვნო ტენდენცია დღესაც გაგრძელდა. ჩვენებურის ტაჩი-აი (თავდაპირველი შეტაკება) ჰენკას (თავდაპირველი შეტაკების თავიდან არიდება) ელემენტებს შეიცავდა, თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ მოწინააღმდეგე შეტევაზე ძალიან დახრილი წამოვიდა. ტოჩინოშინს სხვა არაფერი დარჩენოდა გარდა იმისა, რომ ოდნავ გაცლოდა, ხელი ჩამოაერტყა და ჰატაკიკომის კიმარიტეთი (ილეთით) ამ ბაშოზე მესამე გამარჯვება მოეპოვებინა.
ლევანს კაჩი-კოში (8 მოგება) სჭირდება, რათა არ დაქვეითდეს. ხვალ მას აღმოსავლეთის მე-9 მაეგაშირა ტაკანოში ელოდება. ამჟამად, მოწინააღმდეგესაც ბალანსი 3:4-ზე აქვს, ერთმანეთს კი აქამდე არასდროს შეხვედრიან.