იანვრის დასაწყისში ათენში დარკო კოვაჩევიჩს ესროლეს. მან მოახერხა ტყვიის არიდება და მხოლოდ მუხლი დაიზიანა, მსროლელი კი უკვალოდ გაუჩინარდა.
ვის შეიძლებოდა ნდომებოდა კოვაჩევიჩის სიკვდილი თუ არა, დაშინება მაინც? შეგახსენებთ, რომ მშობლიური „ცრვენა ზვეზდას“ შემდეგ სერბმა „შეფილდ უენსდეიში“, „სოსიედადში“, „იუვენტუსში“, „ლაციოსა“ და „ოლიმპიაკოსში“ ითამაშა, ამჯამად კი სერბეთის ფეხბურთის ფედერაციის სპორტული დირექტორია.
ბერძნულმა პოლიციამ ყველა ვერსია განიხილა, ყველაზე სკანდალური კი ესპანურმა „მარკამ“ გააჟღერა: „კოვაჩევიჩზე თავდასხმის უკან მადრიდის „რეალის“ და ესპანეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი რაულ ბრავო დგას. ამჟამად ესპანური პოლიცია იძიებს გარიგებული მატჩების საქმეს, რომელშიც რაულ ბრავოც ფიგურირებს.“
სად რაულ ბრავო და სად დარკო კოვაჩევიჩი? მათი გზები სწორედ ათენში გადაიკვეთა. 2007-2009 წლებში ერთად იცავდნენ „ოლიმპიაკოსის“ ღირსებას. წყაროს ინფორმაციით, კოვაჩევიჩი ჯერ კიდევ იმ დროიდან ფლობს ინფორმაციას რაულ ბრავოს საეჭვო გარიგებებში მონაწილეობის შესახებ.
უდაბაშაულობის პრეზუმფცია ჯერ არავის გაუუქმებია, მაგრამ როგორც დეტექტიურ რომანებში წერენ ხოლმე, როცა სხვა ვერსია არ არსებობს, ყველაზე უტიპიურიც კი ერთადერთი და საფუძვლიანიაო. ვნახოთ…