– ეჰ, სულ ტაქსის მძღოლი კი არ ვიყავი...
– ალბათ ორი საუნივერსიტეტო განათლება გაქვთ და დეპარტამენტს ხელმძღვანელობდით (ღიმილით)…
– არა, ფეხბურთელი ვიყავი.
– მიაღწიეთ რამე სერიოზულს?
– როგორ გითხრათ. FIFA-მ წლის საუკეთესო თავდამსხმელად მაღიარა…
თუ ეს საუბარი თბილისში კი არა, ვაშინგტონში ხდება, UBER-ის ტაქსიში და მძღოლი ზომიერად ფერხორციანი ჭაღარა მამაკაცია, კარგად დააკვირდით. ეს შუახნის თურქი თავის დროზე მსოფლიოს საუკეთესო მეკარეებს შიშის ზარს სცემდა.
ჰაქან შუქურის კარიერაში ყველაფერი იყო. „ბოსფორელ ხარად“ მონათლული ფეხბურთელის მონაგარში მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონატის ბრინჯაო, „გალათასარაისთან“ ერთად მოგებული უეფას თასი და FIFA-ს ვერსიით მსოფლიოს საუკეთესო ფორვარდის ტიტულიც იყო.
დღეს ეს ყველაფერი წარსულია. იმდენად ღრმა წარსული, რომ მისი რეალობის თავადაც არ სწამს. კარგა ხანი ამ წარსულიაგან ამერიკული გამოძიების ფედერალური ბიუროც იცავდა…
ყველაფერი კი… სიყვარულით დაიწყო.
1995 წელს, კარიერის ზენიტში მყოფმა 24 წლის შუქურმა, რომელიც მაშინ იტალიურ „ტორინოში“ თამაშობდა, ცოლის მოყვანა გადაწყვიტა. 19 წლის ესრეს მშობლებმა უარი უთხრეს – გოგონა სტამბულის უნივერსიტეტში მეორე კურსზე სწავლობდა და მისი იტალიაში გაშვება არ ისურვეს. სწორედ მაშინ შეაბიჯა შუქურის ცხოვრებაში პოლიტიკამ.
ჰაქან შუქური ეროვნული გმირივით იყო და ევროპაში თურქეთის სახეს წარმოადგენდა. მისი ქორწილის ორგანიზება მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, ქალბატონმა თანჯუ ჩილერმა ითავა. მან არამხოლოდ გოგონას ოჯახი დაიყოლია, შუქურის ქორწილი თურქულმა არხებმა პირდაპირ ეთერში გადასცეს. ახალდაქორწინებულთა მაგიდას სტამბოლის მაშინდელი მერი რეჯეპ თაიფ ერდოღანი და ხელისმომკიდედ მიწვეული საზოგადო მოღვაწე ფეთჰულაჰ გიულენი უსხდნენ.
ოჯახი ოთხ თვეში დაინგრა, ესრე თურქეთში გაიქცა, ჰაქანმა კი ძვირფასეულობის ქურდობაში დაადანაშაულა. მოგვიანებით, 2011 წელს ერდოღანმა და გიულენმა ფეხბურთელი საკუთარ პარტიაში მიიწვიეს. ერდოღანი ქვეყნის პრეზიდენტი გახდა. ორი წლის შემდეგ შუქურმა პარტია დატოვა და ხელისუფლების კრიტიკა დაიწყო უსაზღვრო კორუფციის გამო. მალე პარტია ფათჰულაჰ გიულენმაც დატოვა და სახელმწიფო გადატრიალებაში ბრალდებას აშშ-ში გაქცევით დააღწია თავი. იგივე გზა გაიარა შუქურმაც, რომელსაც სოცქსელებში ერდოღანის შეურაცხყოფისთვის 4-წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა.
უკან დარჩა სამშობლო, ფეხბურთით ნაშოვნი მილიონები, ძლიერთა ამა ქვეყნისებთან მეგობრობა… იხსენებს და თავადაც არ სჯერა, თუმცა უკვე შეეგუა ახალ ცხოვრებას. მარტო ტაქსის მძღოლობას არ სჯერდება – თავისუფალ დროს წიგნებს ყიდის…