17 იანვარი სუმოს ქართველი გულშემატკივრებისთვის მძიმე აღმოჩნდა. ტოჩინოშინი ჰაცუ ბაშოს მეექვსე დღეს, მისთვის პრინციპულ მეტოქესთან, შოდაისთან, რომელთანაც ურთიერთშეხვედრებში ბალანსი 7:8-ზე ჰქონდა, კიმარიტე (ილეთი) იორიკირით დამარცხდა. ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან იაპონელი შესანიშნავ დიდ ტურნირს ატარებს და ჯერ მარცხიც არ აქვს ნაგემი.

თუმცა, ერთი მარცხი კარიერის დასრულებასთან რა მოსატანია. მთავარი სალაპარაკო თემა თეიმურაზ ჯუღელია. 2005 წლის შემდეგ, გაგამარუმ ბაშოზე ასპარეზობა პირველად ვერ დაასრულა. ქართველმა სუმოტორმა უამრავი სიხარული გვაჩუქა, ის სანიაკუს (სუმოს პირობითი ელიტური გაერთიანება, სადაც ოთხი უმთავრესი რანგის სუმოტორები არიან გაერთიანებულნი: იოკოძუნა, ოძეკი, სეკივაკე და კომოსუბი) წევრიც იყო (კომოსუბის რანგში) და დამარცხებული თავად იოკოძუნა ჰარუმაფუჯიც ჰყავს.

მთავარი კი ის არის, რომ დიდ კაცთან ერთად უდიდესი გულის პატრონიცაა. ამისთვის საჭირო მხოლოდ მისი ნებისმიერი ინტერვიუს ნახვაა.

ცუდი ასპარეზობის მიზეზი კი ტრავმაა – მას მუხლებში წყალი აქვს ჩამდგარი და დოჰიოზე რომ გამოდიოდა, ესეც გმირობის ტოლფასია. მაკუშიტას (სუმოს რანგით მესამე დივიზიონი) ფსკერზე ყოფნა გაგამარუს არ ეკადრება და, ალბათ, ეს კიუჯო (ბაშოდან თავის მოხსნა) ინტაისაც (კარიერის დასრულებას) ნიშნავს.

გაგამარუმ, ტოჩინოშინთან და კოკაისთან ერთად, იაპონელებს ქართველები როგორც მამაცი ხალხი, ისე გააცნო.

გაგა, მადლობა…