ჩოგბურთის ქომაგებi სულ მალე 14-დღიან ნირვანაში გადაეშვებიან. 20 იანვარს, მისი უდიდებულესობა ავსტრალიის ღია პირველობა იწყება.

წლის პირველი დიდი სლემის ტურნირისთვის, ალბათ, თავისებურად ემზადებიან სამეფო სპორტის ქართველი გულშემატკივრებიც. მიზეზს კი ახსნა არ უნდა ჭირდებოდეს. სწორება ნიკოლოზ ბასილაშვილზეა, რომელიც ერთადერთი იქნება შორეულ ავსტრალიაში საქართველოს რომ წარადგენს, რადგან ეკატერინე გორგოძემ და მარიამ ბოლქვაძემ საკვალიფიკაციო ეტაპი ვერ გადალახეს.

ჩვენებური, ავსტრალიის ღია პირველობას მოფლიოს 29-ე ჩოგნის რანგში ხვდება, ხოლო წილისყრამ პირველ მეტოქედ სუნ ქვონი არგუნა. 22 წლის სამხრეთ კორეელთან ბასილაშვილს აქამდე არასოდეს უთამაშია და იმედია ურთიერთშეხვედრების ანგარიშსაც მოგებით გახსნის.

მეორე წრეში გასვლის შემთხვევაში ბასილაშვილს სავარაუდოდ ვეტერანი ესპანელი ფერნანდო ვერდასკო დაუხვდება, ჰორიზონტზე კი გერმანელი ალექსანდრე ზვერევი მოჩანს, ხოლო უფრო შორს თუ წავა, ალბათ, ბელგიელი დავიდ გოფინი დახვდება…

ნიკოლოზ ბასილაშვილს, მელბურნის კორტებზე შარშან გამომუშავებული 90 ქულა ექნება დასაცავი. 2019 წელს, ნიკა მესამე წრეში ბერძენ სტეფანოს ციციპასთან დამარცხდა. ასე რომ, პროგრამა მინიმუმი ისედაც ნათელია, დანარჩენს კი მოვლენების განვითარება გვიჩვენებს.