შვედეთს, ავსტრიასა და ნორვეგიაში მიმდინარე ხელბურთელ კაცთა ევრო 2020-ზე მთავარი რაუნდი დაიწყო. I ჯგუფში „ბებერი კონტინენტის” მოქმედმა ჩემპიონმა ესპანეთმა ჩეხეთს აჯობა — 31:25 (14:9). მიმდინარე ევროზე იბერიელებმა ოთხიდან ოთხი მოიგეს.

ჩეხებთან შეხვედრაში ესპანელების თამაში აწყობილი იყო სწრაფ კონტრშეტევებზე, რომელთაც ზურგს შესანიშნავი მეკარის გონსალო პერეს დე ვარგასის კარგი თამაში (11 მოგერიება) უმაგრებდა.

სტატისტიკოსებმა თქვეს, რომ ეს ესპანეთის ნაკრებმა ევროებზე ზედიზედ მეშვიდედ გაიმარჯვა.

ევრო 2020-ზე ოთხიდან ოთხი მოიგო ხორვატიამაც. მთავარი რაუნდის პირველ შეხვედრაში გერმანული „კილის” მოთამაშე დომაგოი დუვნიაკი თანაკლუბელს ნიკა ბილიკსა და მის ავსტრიელ თანამემამულეებს შეხვდა. ავსტრია, მოგეხსენებათ, ტურნირის თანამასპინძელია, მაგრამ საკუთარმა კედლებმა ვერ უშველა. ბალკანელებმა ხუთი ბურთით მოუგეს: 27:23.

ხორვატიის ნაკრებში გამოირჩეოდა „ბარსელონას” გამთამაშებელი ლუკა ჩინდრიჩი, რომელმაც ხუთი გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა.

საინტერესო ფაქტი: ხორვატებსა და ავსტრიელებს ერთმანეთში შვიდჯერ უთამაშიათ და შვიდივე შეხვედრა ხორვატებმა მოიგეს.

გამარჯვებული ნაკრების მწვრთნელი ლინო ჩერვარი: „მეორე ტაიმში ვერც დაცვაში ვითამაშეთ კარგად და შეტევაშიც ინდივიდუალურად ვცდილობდით შედეგის მიღწევას. ასე რომ, ორი ქულით კმაყოფილი ვარ, მაგრამ თამაშით რა მოგახსენოთ. შემდეგ ტურში, გერმანიასთან, მოედანზე სხვანაირად უნდა გავიდეთ”.

ჩერვარის მიერ ნახსენებმა გერმანიამ კი იოლად სძლია ბელარუსს, 31:23. ევროების ორგზის გამარჯვებულთაგან გამოირჩეოდა მარჯვენა გარემარბი ტიმო კასტენინგი, რომელსაც ექვსი საგოლე შესაძლებლობა ჰქონდა და ექვსივე გაიტანა.