24:24! კვირას, ფინეთის ქალაქ რიიჰიმიაკიში, საქართველოს დროით 18 საათზე, საპასუხო მატჩს ველით. სტრიმს ევროპის ხელბურთის ფედერაციის ტელესაიტი გადასცემს: https://www.ehftv.com/int/livestream/finland-georgia/1865054

თბილისის სპორტის სასახლეში კი დრამატული მატჩი ვიხლეთ, რომლის მსვლელობისას ანგარიში თორმეტჯერ(!) გათანაბრდა და თუ ამ სტატისტიკის მიხედვით ვიმსჯელებთ, ფრე ლოგიკური შეგედი იყო. კიდევ, ცხელ გულზე რაც გვახსენდება, კარის ძელის მუხანათობაა — აშკარად ფინელებისკენ იყო. მარტო გიორგი ცხოვრებაძეს, რომელმაც ამ შეხვედრაში ორივე გუნდიდან ყველაზე მეტი, 8 გოლი შეაგდო და საქართველოს ნაკრებიდან მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს, სამჯერ მოუხვდა ბურთი კარის ჩარჩოს. ამას დაამატეთ ირაკლი ჩიქოვანის, ხაზეინ რუსტამოვის და თემურ ორჯონიკიძის მიერ შეზანზარებული კარები და ესეც თქვენ 6 არშემდგარი გოლი.

და მაინც, მატჩის აღწერას ქართველთა ვეტერანი მეკარის შოთა თევზაძის ქებითა და მატჩის ბოლო 120 წამის გახსენებით დავიწყებდით. 28-ე წუთი რომ იწურებოდა ანგარიში 24:23 იყო ფინელების სასარგებლოდ. საქართველომ შეუტია და ცხოვრებაძემ მაღალ ნახტომში მეტად ეფექტური გოლით გაათანაბრა. შემდეგ ფინეთის შეტევის ჯერი დადგა, მაგრამ მათ ბურთი დაკარგეს და თამაშის სასწორი ისევ მასპინძლებისკენ გადაიხარა. აქ, სამწუხაროდ ქართველებს შეტევა მეტისმეტად გაეწელათ, რის გამოც მსაჯმა ბურთი ჩამოართვა. ამრიგად, შანსი ისევ სუომელებს მიეცათ, რომელთაც ბოლო წამებში გამარჯვება შეეძლოთ, მაგრამ თევზაძემ არ დაანება — ზედიზედ ორი გიჟური დარტყმა მოიგერია და ფრეს ძახილის ნიშანი დაუსვა!

შოთა თევზაძის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მან მატჩის მსვლელობის დროსაც ბევრი მნიშვნელოვანი დარტყმა აიღო.

თამაშის დასრულების შემდეგ საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ნიკოლა მაქსიმოვიჩმა მისი მოთამაშეების ბრძოლისუნარიანობას გაუსვა ხაზი. მართალიც იყო. ქართველების თამაშს რასაკვირველია ახლდა ხარვეზები, მაგრამ ბიჭებს მონდომებას ვერ დავუკარგავთ.

თავისი წილი ქების ღირსია ფინეთის გუნდიც. სტუმრები თავიდანვე დაწინაურდნენ და მე-13 წუთამდე ინარჩუნებდნენ უპირატესობას, რომელიც ორჯერ სამბურთიანიც კი გახდა, მაგრამ მე-8 წუთიდან მოყოლებული ქართველებმა ხრიკს მიაგნეს — ზედიზედ სამჯერ ხაზის მოთამაშე ერეკლე არსენაშვილი გაიყვანეს სასროლ პოზიციაზე და ეკემაც უკან არ დაიხია, სამივე შეაგდო. შემდეგ, თავისი გოლი ცხოვრებაძემაც მიაყოლა და ასე გათანაბრდა პირველად ანგარიში.

ამის მიუხედავად, სტუმრები კვლავ წინ გავიდნენ, თუმცა მაქსიმუმი ისევ სამგოლიანი უპიტარესობა გახლდათ. მეორედ ანგარიში 29-ე წუთზე გათანაბრდა. ეს ხაზეინ რუსტამოვმა შეძლო, ტაიმის ბოლო ზუსტი დარტყმა კი ირაკლი ჩიქოვანისა იყო — 11:10, საქართველო დაწინაურდა!

შესვენების შემდეგ, ორჯერ სამქულიანი უპირატესობა ქართველებმაც მოიპოვეს: მე-7 წუთზე 15:12 და მე-9 წუთზე 16:13. მერე კი თამაში აქეთ-იქით ირყეოდა.

აღსანიშნავია ჩიქოვანის პირდაპირი წითლით გაძევების ეპიზოდიც, როდესაც ქართველ ვეტერანს მეტოქისთვის სახეში მოუხვდა ხელი. ეს უშუალოდ, ბოლო ეპიზოდის წინ მოხდა, რომლის შესახებაც ზემოთ ვილაპარაკეთ.

და ბოლოს ისევ ნიკოლა მაქსიმოვიჩის სიტყვებს მოვიყვანთ: „დღეს შეიძლებოდა მოგვეგო, შეიძლებოდა წაგვეგო, მაგრამ როგორც ნახეთ მატჩი ფრედ დასრულდა. ახლა საპასუხო შეხვედრაში ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რათა გავიმარჯვოთ. ერთს ნამდვილად გპირდებით: საქართველოს ნაკრები ძალ-ღონეს არ დაზოგავს!”