„ბარსელონას“ ფანებისთვის ცოტა მოულოდნელი აღმოჩნდა კლუბის დირექტორატის გადაწყვეტილება. 14 იანვარს კატალონიური გრანდის საჭე კიკე სეტიენმა ჩაიბარა. კონტრაქტი 0.5+1+1 სისტემით გაფორმდა, მაგრამ ეს სულაც არ არის მთავარი. ყველას ერთადერთი კითხვა აწუხებს: რატომ სეტიენი, რომელსაც სამწვრთნელო ასპარეზზე დიდად არ დაუქუხია და არა იგივე ხავი? ხავის შემთხვევაში პასუხი მარტივია: „ბარსელონას“ დარი გრანდები შეთავაზებას, რომელზე უარის თქმაც შეუძლებელია, მხოლოდ ერთხელ აკეთებენ. ხავიმ საკუთარი პირობები წამოაყენა და დირექტორატმაც უცებ დაივიწყა, რომ ის ლეგენდაა.
საიდან და რატომ გაჩნდა კიკე სეტიენის კანდიდატურა? თავიდან მოვყვეთ :
კიკე სუპერვარსკვლავი არასოდეს ყოფილა, თუმცა ლა ლიგაში დაფასებულ კაცს მშობლიური სანტანდერის „რასინგის“ გარდა მადრიდის „ატლეტიკოშიც“ უბურთავია. ეგ კი არა, სამჯერ ესპანეთის ნაკრებშიც ითამაშა. 1986 წელს მექაიკაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე განაცხადში კი იყო, მაგრამ მოედანზე გასვლამ არ მოუწია.
კარიერის ბოლოს კიკემ 4 წელი ისევ „რასინგში“ იბურთავა და კაპიტნის სამკლავურით გაჰყავდა გუნდი მოედანზე. მეტსახელიც იმ წლებიდან შემორჩა – „ელ მაესტრო“.
ფეხბურთელობისას ამპლუით საყრდენი ნახევარმცველის უმთავრესი იარაღი იდეალური მოკლე პასები იყო, რასაც ორივე ფეხით თანაბარი წარმატებით ახერხებდა. ხომ არ ფიქრობთ, რომ მისი ეს საფეხბურთო ფილოსოფია იდეალურად ერგება კატალონიური გრანდისას?!
გოლეადორი არასოდეს ყოფილა, თუმცა „ბარსას“ კარში გატანილი მისი გოლი სანტანდერელებს დღემდე ახსოვთ: ლამის ცენტრიდან სდია კიკე სეტიენს ხოსეპ გვარდიოლამ, მაგრამ ფლანგიდან ჩაწოდებულზე პირველი „რასინგის“ კაპიტანი იყო და ულამაზესი გოლით პეპი ხახამშრალი დატოვა.
კიდევ ერთი, რაც სხვებისგან გამოარჩევდა, ჭადრაკის სიყვარული იყო. სეტიენი ამხანაგურად გარი კასპაროვსა და ანატოლი კარპოვსაც კი შეხვედრია. „მე ყოველთვის გაცილებით მეტად მაინტერესებდა ის, რაც ორი-სამი სვლის შემდეგ მოხდება, ვიდრე ის, რაც ამ წამს ხდება” – სეტიენის ეს ფრაზა მისი ფილოსოფიის კიდევ ერთი მახასიათებელია.
კიკემ მწვრთნელობაც სანტანდერში დაიწყო, რასაც „ლოგრონიესი“, „ლას პალმასი“, ეკვატორული გვინეის ნაკრები და „ბეტისი“ მოჰყვა. სხვათა შორის, ბოლო 16 წლის განმავლობაში კიკე ერთადერთი მწვრთნელია, ვინც ერთ სეზონში სტუმრად „ბარსელონაც“ და „რეალიც“ დაამარცხა. 2018 წელს „ბეტისმა“ „ბარსას“ „კამპ ნოუზე“ 4:3 მოუგო და კიკემ სამახსოვროდ მაისური ბუსკეტსს სთხოვა. არადა, ლეო მესის აღმერთებს: „ის უდიადესია მათ შორის, ვისი თამაშიც მინახავს. არადა, პელესაც მოვესწარი“.
ზემოთ მოგახსენეთ, კიკემ მწვრთნელობა სანტანდერის „რასინგში“ დაიწყოო. არადა, ამ ასპარეზზე პირველი ნაბიჯები რუსეთის პლაჟის ფეხბურთელთა ნაკრებში გადადგა. მაშინ რუსები ანა-ბანას დონეზე იცნობდნენ პლაჟის ფეხბურთს, კიკეს კი გარკვეული გამოცდილება ჰქონდა. ასწავლა როგორ დააყენონ ქვიშის ბორცვი ჯარიმის დასარტყმელად ან როგორ არ დაეკარგათ ბურთზე მუდმივი კონტროლი. კიკე მაშინ ჯერ კიდევ მოქმედი ფეხბურთელი იყო, მაგრამ რუსი თანაგუნდელების თხოვნით ნიკოლაი პისარევის თანაშემწეობაც იტვირთა და… იმ გუნდმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედლები მოიპოვა.
„ჯერ კიდევ გუშინ მშობლიურ სოფელში დავსეირნობდი და ნახირს ვადევნებდი თვალს, დღეს კი „ბარსელონას“ მწვრთნელი ვარ. არავინ იცის, რას უმზადებს ხვალისთვის ბედი,“- თქვა დანიშვნის შემდეგ „ელ მაესტრომ“, რომელსაც პირველი საბრძოლო გამოცდა 19 იანვარს „გრანადასთან“ ელის.