ეს უკვე სხვა საქმეა. ლამაზი სიზმარი, რომელიც ცხადად იქცა. ლოზანაში, სადაც ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები გახურებულა, საქართველოს ოქროს მედალიც შეემატა. ზაფხულის სახეობებში ეს ამბავი არ გვიკვირს. ის კი არა, ერთხელ მაინც ასე რომ არ მოხდეს, სპორტის ქართველი გულშემატკივრები, სპეციალისტები და ჟურნალისტები იმ თამაშებს აუცილებლად წარუმატებლად შერაცხავენ, მაგრამ ზამთარში ოქრო კი არა, მედალიც ჩვენთვის დიდ ფუფუნებად მოჩანს.

ლოზანაში მიმდინარე ზამთრის მესამე ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე კი ესეც დაიმსხვრა და საქართველომ მედლების ათვლა დაიწყო. ცოტა ხნის წინ იყო, ფიგურულ ციგურაობაში ალინა ბუტაევას და ლუკა ბერულავას წყვილმა ბრინჯაოს მედალი რომ დაისაკუთრა, 15 იანვარს კი მათ თავიანთი შექმნილი ისტორია გადაწერეს და ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს.

ფიგურულ ციგურაობაში მედლების ბოლო კომპლექტი გათამაშდა, სადაც გამარჯვებისთვის შერეული ინტერნაციონალური გუნდები იბრძოდნენ. თითოეული გუნდი შედგებოდა მოცეკვავე და სპორტული წყვილების, გოგონათა და ვაჟთა ერთეულთა თანრიგის ფიგურისტებისგან. სწორედ ამ დისციპლინაში გაიმარჯვა გუნდმა (Team Courage), რომლის შემაგენლობაშიც შედიოდა ალინა ბუტაევა-ლუკა ბერულავას ქართული წყვილი.

საქართველოს ფიგურისტებთან ერთად ოლიმპიური ოქროს მედლები მიიღეს ესტონეთის, რუსეთის და იაპონიის სპორტსმენებმა. ესტონეთი ვაჟთა ერთეულებში იყო წარმოდგენილი, რუსეთი – გოგონათა ერთეულებში, იაპონია – ცეკვებში, საქართველო კი – წყვილებში.

ამ დისციპლინაში სულ 8 გუნდი გამოდიოდა. გამარჯვებულმა გუნდმა კონკურენტებს საკმაო უპირატესობით გაუსწრო.