ხვალ, ხუთშაბათს, 16 იანვარს, 19 საათზე, თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება ხელბურთში ევრო 2022-ის შესარჩევი ფლეი-ოფის შეხვედრა საქართველოსა და ფინეთის ნაკრებ გუნდებს შორის. საპასუხო მატჩი 19 იანვარს ფინეთის ქალაქ რიიჰიმიაკიშია დანიშნული.
ასეთი მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე საქართველოს ხელბურთელ კაცთა ნაკრები 20 წელიწადია არ მდგარა. თუ სერბი მწვრთნელის ნიკოლა მაქსიმოვიჩის მომზადებული ქართველთა გუნდი ფინეთს დაამარცხებს, მოხვდება მთავარ შესარჩევ ეტაპზე, სადაც კონტინენტის 32 უძლიერესი გუნდი 20 საგზურს გაათამაშებს.
კერძოდ, 32 ნაკრებს 8 ოთხგუნდიან ჯგუფად დაყოფენ. თითოეული ჯგუფიდან ევრო 2022-ზე მოხვდებიან პირველ და მეორე ადგილებზე გასული გუნდები, რომელთაც ოთხი საუკეთესო მესამეადგილოსანი დაემატება.
აღნიშნული საკვალიფიკაციო რაუნდიდან გასული 20 გუნდი ფინალურ ეტაპზე შეუერთდება ჩემპიონატის მასპინძლებს, უნგრეთსა და სლოვაკეთს, აგრეთვე ევროპის 2020 წლის ჩემპიონსა და ფინალისტს, რომელთა ვინაობასაც 26 იანვარს შევიტყობთ.
სპორტის სასახლეში შესვლა უფასოა. ვინაიდან უკვე ბევრმა გულშემატკივარმა იკითხა, ვაზუსტებთ: შეხვედრა გაიმართება ძველ სპორტის სასახლეში და არა ახალ ოლიმპიურ სასახლეში.
მათთვის, ვინც რაიმე მიზეზით თამაშზე დასწრებასა და საქართველოს ნაკრების ტრიბუნიდან ქომაგობას ვერ შეძლებს, შეხვედრის პირდაპირი ტრანსლაცია 19 საათზე საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხზე დაიწყება. იქნება პირდაპირი სტრიმი მაუწყებლის იუთუბის არხსა და ფეისბუქზეც.