პროგრამა მინიმუმი შესრულებულია. ბუდაპეშტში დაწყებულ ვაჟ წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს დაძაბულ ბრძოლაში 9:7 მოუგო, რაც იმას ნიშნავს, რომ კონტინენტის 12 საუკეთესო გუნდს შორის ადგილი გარანტირებულია.

წყალბურთის ქომაგებს, ალბათ, შეხსენება არ სჭირდებათ, რომ წილისყრის შედეგად საქართველოს ნაკრები ერთ-ერთ ურთულეს ჯგუფში მოხვდა, სადაც საფრანგეთის გარდა თავი რიოს ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორმა იტალიამ და საკმაოდ ძლიერმა საბერძნეთმა მოიყარეს. იმთავითვე ნათელი იყო, რომ რევაზ ჩომახიძის შეგირდებს გამარჯვების ყველაზე რეალური შანსი სწორედ ფრანგებთან ექნებოდათ, თუმცა მარტივი არც ეს იქნებოდა.

მატჩის მიმდინარეობამ ცხადყო, რომ ამ პრინციპული დაპირისპირებისთვის საქართველოს ნაკრები ფიზიკური კონდიციების გარდა ფსიქოლოგიურადაც მზად იყო და მწვრთნელის ხელიც ეტყობოდა. საქართველოს ნაკრები რომ არაფერს დათმობდა და ბიჭებიც აუზში მხოლოდ მოსაგებად გადახტნენ ეს პირველივე წუთებიდან თვალნათლივ გამოჩნდა. საბოლოოდ კი მეტოქე ბოლო, მეოთხე მეოთხედში გატეხეს და დამსახურებული გამარჯვებაც იზეიმეს.

საქართველოს ნაკრებისთვის ეს რიგით მეოთხე ევროპის ჩემპიონატი და ისტორიული გამარჯვება იყო, რადგან აქამდე ჯგუფში თამაში არასოდეს მოეგო. საუკეთესო შედეგი 2018 წლის ევროპის ჩემპიონატზე დაკავებული მე-13 ადგილი გახლდათ. ბარსელონაში გამართულ კონტინენტის პირველობაზე ჯგუფში წაგებული 3 მატჩის შემდეგ, სწორედ მე-13 ადგილისთვის მატჩში ქართველმა წყალბურთელებმა ჯერ თურქეთს აჯობეს 15:10, ხოლო სლოვაკეთს – 8:6.

რევაზ ჩომახიძის გუნდი, მომდევნო მატჩს, 16 იანვარს საბერძნეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.