ფიქრობთ ეს სერხიო რამოსია? ცდებით. ან შესაძლოა ლეო მესიმ ის სათვალავში შეგნებულად არ ჩააგდო. რამოსი ხომ „რეალის“ თილისმა და კაპიტანია. ამიტომაც, „ბარსელონას“ ლიდერი და კაპიტანი თუ დაუძინებელი მტრის ბანაკიდან პრინციპულად არავის შეიმჩნევს რატომ უნდა გაგვიკვირდეს?!

გსმენიათ პაბლო მაფეოს თაობაზე? გვეეჭვება, რადგან არა გვგონია „ჟირონას“ ფეხბურთელთა სახელები ბევრმა ზეპირად იცოდეს. 22 წლის ესპანელი მცველი კი არა მხოლოდ თანამედროვეობის, ალბათ გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ვარსკვლავის ლიონელ მესის ყურადღების ცენტრში მოექცა.

გაგიკვირდებათ და არგენტინელმა ფორვარდმა პაბლო მაფეო ყველაზე რთულ მცველთა კატეგორიას მიაკუთვნა, ვისთანაც თამაში გაჭირვებია.

„პირადი მეურვეობა არასოდეს მაღელვებდა. მივეჩვიე, რომ ჩემს წინააღმდეგ ყოველთვის ვიღაცას ამწესებენ. კარიერის მანძილზე, მოედანზე ბევრი ძლიერი მცველის პირისპირ აღმოვჩენილვარ, მაგრამ ყველაზე მეტად პაბლო მაფეოსთან გამკლავება გამიჭირდა. ის თავის ამპლუაში მართლაც ერთ-ერთი გამორჩეული და ძლიერი ფეხბურთელია,“ – ამბობს მესი.

22 წლის პაბლო მაფეო როგორც ავღნიშნეთ „ჟირონას“ კი ღირსებას იცავს, თუმც მასზე უფლებები გერმანულ „შტუტგარტს“ ეკუთვნის.