იანვრის ბაშოს მეოთხე დღეს სუმოს სამყაროსთვის გამოსარჩევი იყო. ყველა დასამახსოვრებელი და ლამაზი გამარჯვება ხომ თვალწინ გვიდგას, ენჰოსთან თავის დროზე გაგამარუმაც გაგვახარა, დღეს კი მასთან ასეთივე ბრწყინვალე ტოჩინოშინი იყო. ქართველმა გოლიათმა მაკუუჩის (სუმოს უმაღლესი დივიზიონი) ყველაზე მსუბუქწონოსანი რიკიში ხელებში აიტაცა და დოჰიოდან გადადგა. ამ კიმარიტეს (ილეთს) ცურიდაში ეწოდება და სუმოს სამყაროში უიშვიათესია. ლევანი მოწინააღმდეგეებს ასე ხშირად ანადგურებს, რის გამოც, სიყვარულით, იაპონელები ჩვენებურს ამწესაც ეძახიან…

სამწუხაროდ, მეორე ქართველი გოლიათი, გაგამარუ მაკუშიტაში (სუმოს რანგით მესამე დივიზიონი) ყველა შეხვედრას აგებს. რაოდენობა ორია, მაგრამ აქ დიდი ტურნირის განმავლობაში სულ შვიდჯერ იბრძვიან… გაგას საუკეთესო წლები, ალბათ, უკვე წარსულშია…

იოკოძუნა ჰაკუჰომ კიუჯო (ბაშოდან თავი მოიხსნა) გამოაცხადა. მონღოლმა დიდმა ჩემპიონმა სტარტზე ორი მარცხი თავს ვერ აპატია და სირცხვილს ისევ ძალების აღდგენა და მარტის მოლოდინი არჩია. როგორც აღმოჩნდა, „ფენიქსი“ მართალი ყოფილა, მეორე იოკოძუნა, კაკურიუ მიოგირიუსთან დამარცხდა და ბალანსი 1:4-ზე გაუხდა. წეროდრაკონის კიუჯოსაც უნდა ველოდოთ. ჰაცუ (იანვრის) ბაშოზე ჰაკუჰოს მეორე მარცხის დროს, რომელიც ენდოსთან შერკინებისას იწვნია, სახეზე ყველაფერი ეწერა. სხვათაშორის, ენდოც გაოცებული ჩანს…